პეტრე ცაავამ პატრიარქს სამეგრელოში რომელიმე მონასტრის დათმობა სთხოვა
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ პატრიარქს თხოვნით მიმართა, რომ სამეგრელოში რომელიმე მონასტერი გამოუყონ და იქ განაგრძოს მოღვაწეობა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, მეუფემ განმარტა, ის შიო მღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.
“შიო მღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ დამითმონ რომელიმე მონასტერი, სადაც ვიქნები. დაველოდები პასუხს. თუ სად ვიქნები ამაზე შემდეგ დამოუკიდებლად მივიღებ გადაწყვეტილებას. მე გუშინაც ადვილად დავთმე ეს მდგომარეობა და შეფასებაზეც იგივე აზრზე ვრჩები”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.
“ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე,” – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.