ნინო ლომჯარია: საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირება არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა
ყველა, ვინც ბრძოლის იარაღად იყენებს ბრალდებას სექსუალური ორიენტაციის ან სექსუალური ცხოვრების შესახებ, არის ფსკერი და ასევე დიაგნოზი მისი მორალური სახის, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირება არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მას სუფთა, ამაღლებულ მიზნებსა თუ იდეალებთან საერთო არაფერი აქვს.
“არ ვიცი და ვერ ვერკვევი საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში, რომელიც ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და არაფერი აქვს საერთო სუფთა და ამაღლებულ მიზნებსა თუ იდეალებთან (ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირისპირებაში ბოლო რამოდენიმე წელია საჯაროდ არიან ჩართულნი, საერთო არაფერი აქვთ რწმენასთან, ქრისტიანობასთან, წესიერებასთან…). მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცალსახაა, ყველა, ვინც ბრძოლის იარაღად იყენებს ბრალდებას სექსუალური ორიენტაციის ან სექსუალური ცხოვრების შესახებ, არის ფსკერი და ასევე დიაგნოზი მისი მორალური სახის. მინდა ჩემი, როგორც ადამიანის, მოქალაქის, სახალხო დამცველის მხარდაჭერა გამოვუცხადო პატრიარქს, რომელიც ამ მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა, რომელიც ასევე ადამიანია, ხანდაზმული ადამიანი და ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლისას არასოდეს უნდა გადაკვეთო ზღვარი, რაც პატრიარქის მიმართ ძალიან ბინძური ხერხებით იქნა გადაკვეთილი“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გადააყენა, რის შემდეგაც მან კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილად მოიხსენია.