ნათია თურნავა: შემოვედით საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მომსახურების სააგენტო და ქონების მართვის სააგენტო გავაერთიანოთ
“შემოვედით საკანონმდებლო ინიციატივით, რომ გავაერთიანოთ ეკონომიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დღეს არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მომსახურების სააგენტო”,-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სხდომაზე იმსჯელეს.
„ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯი. ქონების მართვის სააგენტო სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომსახურების სააგენტო ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. მოსახლეობისთვის, ბიზნესებისთვის ამ სერვისებით სარგებლობის გამარტივების მიზნით, სერვისი ერთი ქუდის ქვეშ მოექცევა. ანუ ჩვენი ქონების მართვის სააგენტო შეითავსებს მოძრავი და უძრავი ქონების განკარგვის პროცედურებს და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით უფრო მარტივად მოხდება ამ სერვისის შეთავაზება“, – განაცხადა თურნავამ.