თეოლოგი: არაადეკვატურია მოთხოვნა, რომ მეუფე პეტრე წავიდეს მონასტერში და მოინანიოს, მას უნდა აცადონ, ბრალდება დაადატუროს
იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მეუფე პეტრეს ბრალდება, ბოდიში და სინანული ეკუთვნის არა მეუფე პეტრეს, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებმაც უსამართლოდ დასაჯეს ის, თუ ვერ დადასტურდება ეს ბრალდება, უნდა დაისაჯოს მიტროპოლიტი იმ ბრალდებისთვის, რომელიც ვერ დაადასტურა, – ამის შესახებ თეოლოგმა ლადო ნარსიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თეოლოგის თქმით, ახლა მეუფე პეტრესთვის სინანულის მოთხოვნა სრული აბსურდია. როგორც ლადო ნარსიამ აღნიშნა, მეუფე პეტრეს თავისი ბრალდებების დასადასტურებლად დრო უნდა მიეცეს.
„ეს პრობლემები არსებობდა ეკლესიაში. ეკლესიის წევრების, ეკლესიასთან დაახლოებული ადამიანებისთვის ეს არ არის სიახლე. ეკლესიაში ამ პრობლემების შესახებ დიდი ხანია კულუარული საუბრებია, უბრალოდ ეს საჯაროდ არ გამოდიოდა. ამაზე საუბარს ვერ ბედავდნენ. ვინც ეს გუშინ გაბედა, ეს არის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. ამიტომ, ვფიქრობ, თუ ამ პრობლემების მოგვარება ღმერთმა ამ გზით ინება, ეს სწორად უნდა იქნას სწორად დანახული და შეფასებული. ამ სითამამისა და გამბედაობისთვის ქართული საზოგადოების მხრიდან მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უნდა იქნას შექებული და არა გაკიცხული. განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე არ მოწვეულა მეორე სინოდი და არ გამოვლენილა რელურად რასთან გვაქვს საქმე, ეს ფაქტები ოფიციალურად დასტურდება, თუ არა. მანამდე ნებისმიერი ბულინგი, შეურაცხყოფა კრიტიკა, რომელიც მიმართულია პეტრე ცაავას მისამართით, არის უსამართლო, ამორალური.
მეუფე პეტრესთვის სინანულის მოთხოვნა სრული აბსურდია. მეუფე პეტრე ამბობს, მე დავადასტურებ ძალიან მძიმე ბრალდებას და მომეცით დრო ამისთვისო. ეს დრო უნდა იქნას მიცემული აუცილებლად. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ეს ბრალდება, ბოდიში და სინანული ეკუთვნის არა მეუფე პეტრეს, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებმაც უსამართლოდ დასაჯეს მეუფე პეტრე. თუ ვერ დადსტურდება ეს ბრალდება, თუ არ იარსებებს საკმარისი სამხილი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს მიტროპოლიტი იმ ბრალდებისთვის, რომელიც ვერ დაადასტურა.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია უმძიმეს ბრალდებებზე და შეუძლია მისი დადასტურება. აქ სრულიად არაადეკვატურია იმის მოთხოვნა, რომ ის უნდა წავიდეს მონასტერში და მოინანიოს. რა უნდა მოინანიოს ადამიანმა, რომელიც ამბობს, რომ ეკლესიაში პროცესების გაჯანსაღებას უწყობს ხელს? მეუფე პეტრეს უნდა აცადონ და მისცენ საშუალება, რომ ეს ბრალდება დაადატუროს“, – განაცხადა ლადო ნარსიამ.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შემდეგ მან პატრიარქი ილია მეორე საჯაროდ დაადანაშაულა ჰომოსექსუალობაში.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს პატრიარქის მიმართ მიტროპოლიტი პეტრეს მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მსგავსი მაგალითი.
როგორც ოქმშია აღნიშნული, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე გამორჩეული მღვდელმთავარი იყო და მისი ამგვარი ცვლილება მეტად სამწუხაროა.
„მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე. წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმინდესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.
წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ. მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.
წმინდა სინოდმა განაჩინა:
მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“, – ნათქვამია წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმში.
თამუნა შეყილაძე