ლევან აბაშიძე: სინოდს მეუფე პეტრეს ეპისკოპოსობიდან განყენება უნდოდა, მაგრამ პატრიარქმა გადაწყვეტილება შეარბილა

სინოდს მეუფე პეტრეს ეპისკოპოსობიდან განყენება უნდოდა, მაგრამ პატრიარქმა გადაწყვეტილება შეარბილა, – ამის შესახებ თეოლოგმა ლევან აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

ლევან აბაშიძე სინოდის გუშინდელ სხდომას გამოეხმურა.
„როდესაც ეპისკოპოსი იტყვის პატრიარქზე, რომ შესაძლოა, ის აღარ არის მწყემსი კეთილი, ეს სერიოზული გამონათქვამია. მას სხდომაზე მოუწოდეს, რომ ამაზე გარკვეული პასუხი გაეცა. როგორც ამბობენ, ამას მეუფე პეტრეს მხრიდან მოჰყვა საკმაოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებები, როგორც პატრიარქის, ისევე მთლიანად სინოდის მიმართ. როგორც მიტროპოლიტები ამბობენ, ყველაფერს აქვს თავისი წესი და ფორმა. ნებისმიერს შეუძლია სიტყვით გამოვიდეს, თუ აქვს რაიმე ბრალდება, წააყენოს, ამას აქვს წესი და ფორმა. როცა ადამიანი უხამსად იქცევა, ამას უხამსი სიტყვებით და აგრესიით გამოთქვამს, საქმე იქამდე აღარც მიდის, რომ განვიხილოთ. განხილვას სჭირდება რაღაც სიმშვიდე, წესი და ფორმა.

მე ძირითადად ვეყრდნობი მეუფე დავით ალავერდელის დღევანდელ კომენტარებს. მან განმარტა, რომ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მეუფე პეტრეს შეუჩერდა მსახურების უფლება. ის აღარ არის მიტროპოლიტი თავის ეპარქიაში , მაგრამ, ის დარჩა თავის პატივში, ეპისკოპოსია, მივმართავთ როგორც მეუფეს.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა თქვა, მან სხვა გზა არ დაგვიტოვა, ეს ჩვენი გადაწყვეტილება კი არ იყო, ისე მოიქცა, ეს მისი გადაწყვეტილება იყოო. სხვა გზა აღარ იყო, ის უნდა გაგვეყვანა ამ კრებიდან და განგვეყენებინა მსახურებიდანო.

პატრიარქმა კიდევ უფრო შეარბილა გადაწყვეტილება, სინოდს უნდოდა მისი განყენება ეპისკოპოსობიდან, მაგრამ პატრიარქმა შესაძლო გადაწყვეტილებებიდან ყველაზე რბილი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს პატრიარქის მიმართ მიტროპოლიტი პეტრეს მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მსგავსი მაგალითი.

როგორც ოქმშია აღნიშნული, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე გამორჩეული მღვდელმთავარი იყო და მისი ამგვარი ცვლილება მეტად სამწუხაროა.

„მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე. წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმინდესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ. მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.
წმინდა სინოდმა განაჩინა:
მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“, – ნათქვამია წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები