თანამედროვე კორეული ხელოვნების შესახებ „არტისტერიუმი“ გაიხსნება

2-8 ნოემბერს თბილისი პროექტს – „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – კორეული თანამედროვე ხელოვნება“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს არის მე-12 „არტისტერიუმის“ მეორე ნაწილი (პირველი ნაწილი დ. კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა), რომელიც ორი საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაციის – ასოციაცია „არტისტერიუმის“ და კორეული Nine Dragon Heads/NDH – გარემოს დაცვის ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმის, – ათწლიან თანამშრომლობას აღნიშნავს.
NDH არის კორეული სახელოვნებო ორგანიზაცია, რომელმაც ქართველ მაყურებელს პირველად წარუდგინა კორეული თანამედროვე ხელოვნება 2009 წლის „არტისტერიუმზე“.
პროექტი მოიცავს ორ გამოფენას თბილისის ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელწიფო მუზეუმში და ლექციას კორეული ავანგარდის შესახებ, – ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.
გამოფენაში „განსხვავებული რეალობა“  (ლიტერატურის მუზეუმის პირველი სართულის გალერეა) ცხრა კორეელი ფოტოგრაფის ნამუშევარი კორეულ დღევანდელობას აღწერს.
მხატვრები ან სინ ჯა, ბაეკ მიუნგ ჯა, ჰან ჰე ჯუნი, ჰონგ ინ სოკი, ჯი სო ეონი, ლი სანგ ჯიკი, ლი ჰიე ჯეონგი, იუნ კვანგ ბინი, ჯეონგ სანგ ვუნი აჩვენებენ თანამედროვე კორეულ საცხოვრებელ და სააზროვნო სივრცეს, საკუთარი, ევროპულისგან განსხვავებული ფსიქოლოგიური და სოციო-პოლიტიკური კონტექსტით, და დროს, როგორც მიმდინარე მომენტს კორეის ისტორიაში. პროექტს წარმოადგენს სახელოვნებო ჯგუფი „Lighthouse”, კურატორი მუუნ სანგ ვუკი.
გამოფენა „თანამშრომლობის ხედვები“ (ლიტერატურის მუზეუმის მეორე სართული) მაყურებელს 6 კორეელი მხატვრის ნამუშევარს წარუდგენს, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში ინსტალაციის, პერფორმანსის, ფოტოგრაფიის და ვიდეო არტის ენას იყენებენ.
პარკ ბიონგ უკი, პანგ ჰიო სუნგი, შინ იონგ გუ, სუჰ იოონ ჰეე, კიმ ჯი ჰიუნი და მუუნ სანგ ვუკი კორეული თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა თაობას ეკუთვნიან. თვითგამოხატვრის ორიგინალური გზების პერმანენტული ძიების პარალელურად, მათ ნამუშევრებში თანამედროვე კორეული მსოფლშეგრძნება და ფილოსოფიაა აკუმულირებული.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ლექცია „კორეული ავანგარდი: ამბოხი და გაქცევა, 1960- 1980-ანი წლები“. ლექცია ეხება პერიოდს კორეის ისტორიაში, როდესაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის პარალელურად, კორეელმა მხატვრებმა საკუთარი ხმის აღმოსაჩენად და თვითგამოხატვის კორეული სტილის დასამკვიდრებლად, შეცვალეს დასავლური თანამედროვე ხელოვნებისთვის დამახასიათებელი პრობლემატიკა და მიდგომები. ამ წლებმა დიდად განაპირობა კორეული თანამედროვე ხელოვნების დღევანდელი სახე.
პროექტი განხორციელდა კორეის ფონდის მხარდაჭერით.

პროგრამა:
2 ნოემბერი
18:00 – 20:00
პროექტის – „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – კორეული თანამედროვე ხელოვნება“ გახსნა.
ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.
გია ჭანტურიას ქ. 8.

3 ნოემბერი
14:00 – 16:00
ლექცია „კორეული ავანგარდი: ამბოხი და გაქცევა, 1960- 1980-ანი წლები“, პარკ ბიონ უკი.
ეროვნული მუზეუმის აუდიტორია.
ა. ფურცელაძის ქ. 1

გამოფენები ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში  8 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები