ზესტაფონის ცენტრალური მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ზესტაფონის ცენტრალური მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, იმერეთში სახელწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან, ზესტაფონის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.
რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე სრულად ახალი სივრცე მოეწყობა ავტოსაგზაო კვანძის გაუქმების გარეშე. განახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. ინოვაციური პროექტის მიხედვით, მოედნის შუაგულში შადრევანი დამონტაჟდება. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მოედნის რეაბილიტაციაზე 557 177 ლარი იხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სამშენებლო კომპანია “ბილდმორის“ მიერ ხორციელდება.
ცენტრალური მოედნის ახლებური დაგეგმარების პროექტი, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კომფორტული დასვენების პერსპექტივას იძლევა.