აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა – ანკარამ რეზოლუციას უპასუხა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს.
დოკუმენტს 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 11 წინააღმდეგი იყო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მნიშვნელოვანია, რომ გენოციდი ოფიციალურად იყოს აღიარებული.“
წარმომადგენელთა პალატა ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ „აშშ-ის მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია სომეხთა გენოციდის შესახებ“.
კონგრესმენები ანალოგიურ დოკუმენტს წლების განმავლობაში არაერთხელ განიხილავდნენ, მაგრამ დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე არასდროს გაუტანიათ.
წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებას თურქეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ რეზოლუცია „შიდა მოხმარებისთვის“ არის მიღებული, და მას არავითარი „ სამართლებრივი და ისტორიული საფუძველი არ გააჩნია“.
თურქეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ დოკუმენტი „შურისძიებას“ წარმოადგენს ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო.
ანკარა 1915 წლის მოვლენებს გენოციდად არ აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს მსხვერპლი ორივე მხარეს იყო.
ისტორიკოსების შეფასებით იმ დროს თურქების მიერ 1 მილიონამდე სომეხი იქნა მოკლული.