“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წმინდა წყლის ქველმოქმედებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტებს, საქველმოქმედო ინვესტიციებს ახორციელებს”
პარლამენტარი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხორციელება უპრეცედენტო მასშტაბის საშვილიშვილო გადაწყვეტილებაა.
“კიდევ ერთი ეროვნული საქმე წამოიწყო ბიძინა ივანიშვილმა. წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხორციელება უპრეცედენტო მასშტაბის საშვილიშვილო გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს რეგიონს და მთელ ქვეყანას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც, წმინდა წყლის ქველმოქმედებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკური ქველმოქმედების აქტებს და ახორციელებს ერთგვარ საქველმოქმედო ინვესტიციებს, რომლითაც ქმნის ინფრასტრუქტურას ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს კი ადამიანების დასაქმების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წარმატება მას ამ დიდ წამოწყებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში წერს.
დღეს პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.