“იმედის” იურისტი – გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, ტექნიკა
გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკაც, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის“ იურისტმა, ანდრო ლაშხმა ტელეკომპანია “იმედზე” სავარაუდოდ კიბერშეტევის განხორციელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ზარალი ძალიან დიდია სავარაუდოდ, დეტალურად არ დაგვითვლია. გვაქვს მატერიალური ზიანი, ასევე თითქმის 20 წუთის განმავლობაში ჩვენი ეთერები იყო შეფერხებული. არც “იმედი”, არც “მაესტრო” არ გადაიცემოდა ეთერში. ახლანდელი მდგომარეობით “იმედი” ეთერშია”, თუმცა “მაესტროს” ეთერში გაშვება ვერ მოხდა. გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა არის დაზიანებული. სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. თუმცა ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები და სხვა პროგრამები არ შეფერხდეს. სავარაუდოდ ეს არის კიბერშეტევა, თუმცა ველოდებით გამოძიების შედეგებს”, – აღნიშნა ლაშხმა.
ცნობისთვის, დღეს რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.