აშშ „ღია ცის ქვეშ“ შეთანხმებიდან გადის – ტრამპმა დოკუმენტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1992 წლის „ღია ცის ქვეშ“ შესახებ შეთანხმებიდან გასვლას მოაწერა ხელი.

ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს.

მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლს შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მედია ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისიდან წერდა, რომ ადმინისტრაცია მსგავს შესაძლებლობას განიხილავდა.

აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, შეთანხმების შენარჩუნების მომხრე არიან.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, „შეთანხმება ევროპის უსაფრთხოებისა და იარაღის კონტროლის ჭრილში მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს წარმოადგენს“.

აშშ-ის ადმინისტრაციის კრიტიკოსების მტკიცებით, რუსეთი ვაშინგტონის მონიტორინგის ფრენებში ერეოდა, სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად კი, აშშ-ში საკუთარ მისიებს იყენებდა.

გარდა ამისა, ამერიკელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ რუსეთმა აშშ-სა და ჩინეთს ხელი შეუშალა ფრენების განხორციელებაში 20 სექტემბერს რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე სამხედრო სწავლების დროს.

“ღია ცის ქვეშ” შეთანხმებას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთოს 23 წევრი ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება. 2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.

როგორც „კვირასთან“ საუბარში, ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს საკითხის კომენტირებისას ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ „თანამედროვე შეიარაღებისა და მობილურობის პირობებში, სრულყოფილად არ არის შესაძლებელი ისეთი ქვეყნების გაკონტროლება, როგორიც რუსეთია“, მსგავსი შეთანხმებების არსებობა „მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და სახელმწიფოებს გარკვეულ ჩარჩოში აქცევს“.

რაც შეეხება საქართველოს, რომელიც შეთანხმების წევრი ქვეყანაა, სალუქვაძე ამბობს, რომ „იმ პირობებში, როდესაც მისი ორი რეგიონი და ამ ტერიტორიებზე მძლავრი სამხედრო ბაზებია განთავსებული, რასაც ასევე ემატება მილიტარიზებული სამხრეთის სამხედრო ოლქი, შეთანხმებას საგრძნობი შედეგები არ მოუტანია“.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი სამეზობლოდან აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმების ხელმომწერები არ არიან. თანამედროვე შეიარაღებისა და მობილურობის პირობებში, ეჭვი მეპარება, რომ სრულყოფილად არ არის შესაძლებელი ისეთი ქვეყნების გაკონტროლება, როგორიც რუსეთია. თუმცა, ასეთი შეთანხმებების არსებობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და სახელმწიფოებს გარკვეულ ჩარჩოში აქცევს. საქართველოსთვის არც ამ ჩარჩოს მოუტანია შედეგი და 2008 წელს რუსეთის აგრესიისთვის ხელი არ შეუშლია“, – განმარტა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები