ჩაიშლება თუ არა ერგნეთში დღევანდელი შეხვედრა – ირაკლი ანთაძის განმარტება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტუალურია.

მისი თქმით, სხვა თემებთან ერთად იქნება განხილული გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი.

„ამ საკითხსაც შევეხებით, ვინაიდან მათვე პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, ისევე როგორც გუშინდელი შემთხვევა, როდესაც ხელი შეეშალა რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში“, – აღნიშნა ანთაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ დღევანდელი შეხვედრა შეიძლება ჩაიშალოს, ანთაძე ამბობს, რომ „წინასწარ მიჭირს შეხვედრის მონაწილეთა კონსტრუქციულობის ხარისხი განსაზღვრა“.

„მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ის საკითხი, რაზე სასაუბროდაც ჩვენ აქ მოვედით ძალიან პრინციპულად დავაყენოთ, იმიტომ რომ სიტუაციამ არ მიიღოს კიდევ უფრო სერიოზული განვითარება და არ გაიზარდოს დესტაბილიზაციის საფრთხე. არის თუ არა შეხვედრის ჩაშლის რისკი – ამ ეტაპზე არამგონია, რომ ეს რისკი არსებობდეს, იმიტომ, რომ შეხვედრა წინასწარ იყო შეთანხმებული და როგორც ვიცი თითოეული მონაწილე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მოდის“, – განმარტა ირაკლი ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები