პირველად საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება

პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, სადაც ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პროექტის – „ინვესტირება ხარისხიან და უვნებელ მესაქონლეობაში“ ტექნიკური დირექტორმა ლაშა ავალიანმა, ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა და „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის“ თავმჯდომარემ გიორგი ხატიაშვილმა განაცხადეს.

„მესაქონლეობის ექსპო“ ხვალ, თბილისის იპოდრომზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ორგანიზატორთა განცხადებით, „მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა.
„კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება,რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის. „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები“- აცხადებენ ორგანიზატორები.
მათივე ცნობით, მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იქნება ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.
„მესაქონლეობის ექსპოში მონაწილეობას მიიღებენ: ფერმერები, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები, სახელმწიფო სამსახურები, მეცნიერები, ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშავებლები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები. ამასთან, მესაქონლეობის ექსპოზე დარგის წამყვანი მკვლევარებისა და ტექნიკური ექსპერტების ერთ სივრცეში შეხვედრის და თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობაც არის.

გარდა ამისა, ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიიღონ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.
სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები, როგორებიცაა ჰოლშტეინი და წაბლა შვიცი, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიშები – მეგრული წითელი და წაბლა კავკასიური შეფასდებიან ესტონეთიდან მოწვეული და ქართველი ექსპერტების მიერ. გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით, რომლებიც დაწესდა მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების მიერ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და საქართველოს მერძევეთა ასოციაცია. ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები