მძღოლი პატრულისგან გაქცევას ცდილობდა – ზუგდიდში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

ზუგდიდში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალ დეტალები გახდა ცნობილი. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც “ოპელის” მარკის მანქანას მართავდა და ავარიის შედეგად გარდაიცვალა, პოლიციისგან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ღერძულა ზოლი გადაკვეთა და საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი კი ადგილზე დაიღუპა.
დაშავებულები ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. როგორც “რეგიონულ კვირას” ექიმებმა განუცხადეს, სამივეს მდგომარეობა კრიტიკულია. ერთ-ერთს რთული ოპერაცია ამ წუთებშიც უტარდება, დანარჩენი ორი კი მართვით სუნთქვაზე არიან.
მომხდარზე შს სამინისტროში ამბობენ, რომ საქმე პროკურატურას გადაეცა.
უწყებაში ამბობენ, რომ 23 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში მანევრირების წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი “ოპელის” მარკის ავტომობილი შენიშნეს. სამართალდამცველებმა დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლს არაერთგზის მოუწოდეს შეეწყვიტა მოძრაობა. მძღოლი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების მოწოდებას და სოფელი რუხის მიმართულებით განაგრძო სვლა.
„რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე აღნიშნული ავტომობილი გადავიდა სავალი ზოლიდან და შემხვედრ ზოლში მოძრავ “ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად “ოპელის” მარკის ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი. ავტომობილის მძღოლი 1961 წელს დაბადებული ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.“-აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.“ მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები