გორის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ დვალიშვილის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შალვა კაკაურიძემ მიხეილ დვალიშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს თაობაზე არ დააკმაყოფილა.

“გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ იქნა გამოყენებული”, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურა გორის რაიონული სასამართლოს განჩინებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს.

დაცვის მხარის განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ მიხეილ დვალიშვილის მხრიდან არ არის მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, რის გამოც, მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

“დღეს მიხეილ დვალიშვილის პირველი წარდგენა იყო სასამართლოს წინაშე. სასამართლომ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე. ბრალდების მხარე შემოვიდა რომ აღკვეთის სახით ყოფილიყო გირაო. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, მხედველობაში მიიღეს ის, რომ მიხეილ დვალიშვილის მხრიდან არ იყო მიმალვის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა”,- თქვა გიორგი სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლეს, მიხეილ დვალიშვილს დღეს დილით გორის პოლიციამ ბრალი – არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენა.

შეგახსენებთ, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან მ.შ.-ს გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები