მამუკა მდინარაძე – “იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მითიური წერილიდან რაიმეს იდენტიფიცირება მაინც მოხერხდება”

საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წადგენილ ე.წ. “მუქარის წერილზე” საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხაზარაძის განცხადებები თავიდანვე არასერიოზულად გამოიყურებოდა და ურთიერთგამომრიცხავი იყო.

“მამუკა ხაზარაძის განცხადებები თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი იყო და არასერიოზულად გამოიყურებოდა. ის ჯერ აცხადებდა, თითქოს წერილის ავტორი გიორგი გახარიაა. ახლა ამბობენ, რომ პირადად გახარიას ბრალს ამ წერილის ავტორობაში არც არასდროს სდებდნენ. ხან შუამავალი არ არსებობსო, ხან ამბობდნენ, რომ შუამავალი მზადაა მივიდეს პროკურატურაში. მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით იმდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთეს, რომ ალბათ მათთვისვე უკეთესი იქნებოდა, თუ შეჯერდებოდნენ ერთ ვერსიაზე და იმას გაახმოვანებდნენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, “მტკიცებულებებს რაც ეხება, როგორც მედიით ვრცელდება, საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მითიური წერილიდან რაიმეს იდენტიფიცირება მაინც მოხერხდება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები