დადიანების სასახლის თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ

ზუგდიდში, დადიანების სასახლის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები შესაძლოა, პირველი ნოემბრიდან გაიფიცონ.

როგორც, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსკურსია-მძღოლი, ელზა ზოდელავა აცხადებს, მათ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.

მისივე თქმით, მათ მოთხოვნაზე რეაგირება არ ყოფილა, ამიტომ იძულებულები არიან გაიფიცონ.

“ჩვენ მოვითხოვთ, კონკრეტულად ჩვენი ხელფასების მომატებას, 2020 წლის ბიუჯეტში რომ გაითვალისწინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც არ გვინდა, მაგრამ პასუხს არ გვცემენ და გვაიძულებენ, რომ გავიფიცოთ და ვერცერთი დამთვალიერებელი მუზეუმში სამწუხაროდ ვერ შემოვა. ჩვენც გვინდა არსებობა, ნორმალური ხელფასი. ყველა შრომობს და ვითხოვთ შრომის ანაზღაურებას, რომელიც შრომის კოდექსით არის დაცული”,- აღნიშნა ზოდელავამ.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას უკვე რამდენიმე დღეა, ითხოვენ. უწყებებში გაგზავნილ განცხადებას 34 თანამშრომელი აწერს ხელს.

განათლების და კულტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დადიანების მუზეუმში ანაზღაურება არ არის მაღალი, თუმცა ამ მიმართულებით უწყებაში მუშაობენ.
კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თეა ონიანის განცხადებით, მიმდინარე წელს საკუთარი შემოსავლებიდან მიღებული 135 ათასი ლარიდან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 29 ათასი ლარი, და თუ მუზეუმის შემოსავალი იქნება მზარდი, რაც აუცილებლად იქნება, განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში, ეს აისახება ხელფასებზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები