ლევან ახვლედიანი: ჩვენი ვალდებულებების ფარგლებში მზად ვართ პარლამენტში მივიდეთ და ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ღიად ვისაუბროთ

ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ პარლამენტში მივიდეთ და ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ღიად ვისაუბროთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა დეპუტატების მიერ მის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობასთან ინფორმაციის გაცვლა და შეხვედრების დაგეგმვა მიმდინარეობს.

“არის დაბრკოლებები, რომლებიც ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ, მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. გვინდა, რომ გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. მიდის მიმოწერა, ინფორმაციის გაცვლა მთავრობასთან და შეხვედრების დაგეგმვა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. სასურველი იქნებოდა, ეს ერთობლივად მოხდეს სამინისტროსთან ერთად, უფრო საქმიან ფორმატს შესძენს ამას”, – აღნიშნა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილსა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად იწვევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები