გიორგი ვაშაძე: ქართული ხელისუფლების მხრიდან რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედების მიზანმიმართული დანაშაულებრივი წახალისება ხდება
მხოლოდ მაშინ კი არ უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ რეაგირება, როცა მცოცავი ოკუპაციაა, არამედ ყოველდღიურად, სისტემურად უნდა იმუშაონ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რათა რუსეთმა ხელი აიღოს ამ აგრესიისგან, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
“უსისტემობა და დანაშაულებრივი უსისტემობა- სწორედ ამას აქვს ადგილი ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, ოკუპაცია რუსეთის მხრიდან გაგრძელდება და იქნება აგრესიული ქმედებები, მაგრამ მე მაქვს ყოველთვის კითხვა, რა სტრატეგი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რას ვაკეთებთ საერთაშორისო ასპარეზზე, რა მწყობრი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ასეთ ქმედებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ ქონდეს ადგილი და თუ ამ ნაბიჯებს არ დგამს საქართველოს ხელისუფლება, არის თუ არა ეს დანაშაული სახელმწიფოს წინაშე და ქართული საზოგადოების წინაშე. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფრო და უფრო უახლოვდებიან ცენტრალურ მაგისტრალს და ეს მიზანმიმართულად ხდება. თუ ასე თავჩაქინდრული იქნება ქართული ხელისუფლება, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს. აქ მთავარი არის სამშვიდობო ღონისძიებები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას საერთაშორისო ასპარეზზე. მხოლოდ მაშინ კი არ უნდა მოახდინოს რეაგირება, როცა მცოცავი ოკუპაციაა, არამედ ყოველდღიურად, სისტემურად უნდა იმუშაონ ჩვენს უცხოელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ რუსეთმა ხელი აიღოს ამ აგრესიისგან და ეს შესაძლებელია“, – განმარტა ვაშაძემ.
“ახალი საქართველოს” ლიდერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მოქმედებს.
“შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე არცერთი მტკაველი არ არსებობდა საოკუპაციო ხაზზე გავლებული მავთულხლართების, დღეს კი, კილომეტრებს ითვლის ეს მავთულხლართები და კითხვა მაქვს, თუ მაშინ შესაძლებელი იყო, რატომ არ არის შესაძლებელი ახლა? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ უმოქმედობაში არის და მიზანმიმართულად საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ეს უკვე აღარ არის არც უნიათობა და არც უუნარობა. ეს არის მიზანმიმართული დანაშაულებრივი წახალისება ქართული ხელისუფლების მხრიდან რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედების“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.