ნაციონალურ ცეკვა “განდაგანას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

0

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ქართულ ნაციონალურ ცეკვა „განდაგანას და მის ხალხურ საწყისებს“ არამატერიალრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია შუახევის მუნიციპალიტეტში ,,შუახევობა 2019“ -ზე გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.
ცეკვა “განდაგანა” აჭარული ცეკვების ერთ-ერთი სახეობაა. იგი სატრფიალო ხასიათის ცეკვაა. როგორც ქალ-ვაჟთა სატრფიალო ცეკვა პირველად სცენაზე 1946 წელს შესრულდა. იგი ამჟამად როგორც ცალკე წყვილის, ასევე მოცეკვავეთა ჯგუფისა და მთელი მასის მიერ სრულდება.
წელს, „შუახევობა -2019 “-ის პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ფოლკლორული ფესტივალი – „ფუძეობა – 2019“ გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციების ამსახველი ნიმუშები. ეთნოკუთხეები, სამეწარმეო მარკეტი და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა. დასახელდნენ საპატიო შუახეველები, რომლებსაც სიგელები, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა, თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი