ქარელის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენებს ადგილზე გაეცნო

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

ცოტა ხნის წინ დატოვა ატოცის მიმდებარე ტერიტორია ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა .

როგორც გულიაშვილმა აღნიშნა, სიტუაცია არის კონტროლირებადი და პანიკის საფრთხე არ არსებობს.

“მე ვიყავი საოკუპაციო ხაზთან, ადგილზე გავეცანი სიტუაციას. საოკუპაციო ძალებმა განაახლეს იმ მონაკვეთზე მუშაობა , სადაც მათ დაწყებული ჰქონდათ.  აღნიშნული პირები იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს. ბოძები დამონტაჟებულია გამყოფი ხაზის პერიმეტრის დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთზე. ეს არის უკანონო ბორდერიზაციის პროცესი,” – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა

ამ დრომდე მედიის გადაადგილება ატოცის მიმართულებით შეზღუდულია . რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ისინი უპრობლემოდ გადაადგილდებიან სოფლის მიმართულებით.

ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

მათი  ცნობით, სოფელ ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ.

მათივე ინფორმაციით, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები