გიორგი გახარია: განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც დაწყებულია სისტემური რეფორმა

პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია, ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში, შიდა ქართლის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყველა ის საკითხი იქნა განხილული , რომელსაც განათლების სფეროში მთავრობა ახორციელებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის ის, რომ რეგიონებში გასვლა შიდა ქართლით, გორით, დაიწყო.

“მე სხვათა შორის, ძალიან გაკვირვებული ვიყავი, სასიამოვნოდ გაკვირვებული, როდესაც ვნახე, როგორი წარმატებული მონაცემები გვაქვს გორში, განსაკუთრებით საშუალო განათლების ნაწილში რამდენი მედალოსანი და წარმატებული ახალგაზრდა გყავთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს თქვენი დამსახურებაა. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა. განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, როგორც ჩვენი პედაგოგების სოციალური პირობების, მათი კომპეტენციის, მათი გარემოს გაუმჯობესების, ასევე, ჩვენი მოსწავლეების და სტუდენტების მაღალი მიღწევების თვალსაზრისით. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ჩავარდნა, რომელიც 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტურ მეცნიერების განვითარებაში გვაქვს, არის გადასალახი. ამისთვისაა მიმართული ყველა ის ქმედება, რასაც მთავრობა განახორციელებს და რა თქმა უნდა, მთავარი არ არის აქ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსები, თუმცა ესეც უნდა ვთქვათ, რომ ამასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს, არცთუ ცოტა და აქაც მთავრობა თავის პასუხისმგებლობას იაზრებს,”- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მომავალი თაობა, უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის ტრადიციებს,კონსერვატიულ ფასეულობებს,  მაგრამ ასევე მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს, ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო ფასეულობებისკენ.

“თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ ნაწილში არის ის, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობა და განათლების და პედაგოგის ყველაზე შინაარსობრივი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა, რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და ყველაზე თვალსაჩინო ფასეულობების, სასურველი და საჭირო ფასეულობებისკენ. ამ ბალანსში არის თქვენი ყველაზე დიდი ფუნქცია და ყველაზე დიდი მისია”,- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ოსიაურის სკოლის პედაგოგმა, თამარ გაგლოშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრეს, რომელიც უშუალოს სკოლებს ეხება.

“პრემიერ მინისტრთან გვქონდა საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც უშუალოდ სკოლაშია. ეს ეხება კულინარიის და სხვადასხვა სპეციალობების სწავლებას. სამწუხაროდ, წელს ვერ მივიღეთ დაფინანსება და კურსები შეჩერდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ პრემიერი გულთან მიიტანს ამ პრობლემას და ისევ განახლდება სწავლება, რომელიც მიმართულია თემის განვითარებისთვის.  ჩვენ ვხედავთ რომ განათლების სექტორში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები, ეს არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა, ჯილდოებზე წარდგენა და სხვა, თუმცა დანარჩენ პრობლემებზე ვისაუბრეთ ღიად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,”- აღნიშნა თამარ გაგლოშვილმა.

დღის განმავლობაში გიორგი გახარია გორში, სხვადასხვა სფეროში მომუშავე სექტორს შეხვდება.

პრემიერ-მინისტრმა მსგავსი ტიპის შეხვედრები ყველა რეგიონში დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები