“ახალციხური ფილიგრანი” – მხატვრული მელითონეობის უძველესი სახეობა და დავიწყებული ქართული ტრადიცია

ოსტატმა თავდაპირველად ვერცხლი უნდა „დაყურსოს“ – მინარევებისაგან გაწმინდოს, შემდეგ უმაღლესი ხარისხის, 99 სინჯის ვერცხლი გააცხელოს, გაწელოს და წინასწარ გამზადებულ ორნამენტებში ჩაასხას – ასე იწყება ახალციხური ფილიგრანის კეთება.
მხატვრული მელითონეობის ეს მიმდინარეობა სამცხე-ჯავახეთში მე-19 საუკუნეში განვითარდა. ისტორიკოსების თქმით, 1871 წელს ახალციხეში 29 ოქროს, ვერცხლის, აბრეშუმისა და სპილენძის საამქრო არსებობდა.
ლითონზე ყვინჩები, იგივე “კუინჯუები” მუშაობდნენ, რომლებიც სამკაულებს, ძირითადად, თითბერისა და ვერცხლისგან ამზადებდნენ. ნამდვილი ოსტატები ფილიგრანს მხოლოდ ვერცხლისგან ქმნიდნენ. მოგვიანებით, სწორედ ამას ეწოდა “ახალციხური ფილიგრანი”, რომელიც სხვებისგან დამზადების სირთულით განსხვავდებოდა და მაღალი ფასით გამოირჩეოდა.

“ახალციხის ფილიგრანი გამჭვირვალე იყო. წელვადი, უმაღლესი ხარისხის ვერცხლისგან. 1990-იან წლებში ბევრი გაიყიდა და ქვეყნიდანაც გაიტანეს. თბილისის მუზეუმში “ახლციხური ფილიგრანის” 30-სანტიმეტრიანი ჩანთები ინახება, რომელსაც შეძლებულები ყიდულობდნენ”, – ამბობს ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი.

მე-20 საუკუნეში ახალციხემ, როგორც სავაჭრო-სახელოსნო ცენტრმა დიდი დანაკარგი განიცადა. ადგილობრივი ხელოსნების უმრავლესობა სამუშაოდ ქუთაისსა და თბილისში გადავიდა. ფილიგრანის მცოდნე ხელოსნების დეფიციტიც ამან გამოიწვია. მოგვიანებით, ეთნიკურად სომხური მოსახლეობა ქალაქში კომპაქტურად ჩასახლდა და ხელოსნების რაოდენობაც გაიზარდა. ქართველი და სომეხი ხელოსნები ამქრებში ცოდნას ერთმანეთს უზიარებდნენ.

საუკუნეზე მეტია ვაირადიანები ოქრომჭედლობას მისდევენ. ხორენი 69 წელია ძვირფას ლითონზე მუშაობს. ხელობა მამისგან, 13 წლის ასაკში ისწავლა. მისი ბაბუა გვარში უკანასკნელი იყო, ვინც ფილიგრანზე მუშაობდა. ხორენი ამბობს, რომ ხელოვნების ეს დარგი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ შრომატევად საქმიანობაზე თავიდანვე უარი თქვა.
ახალციხისთვის დამახასიათებელი კულტურის აღდგენა სამხატვრო სკოლამ დაიწყო. თუმცა ერთი განსხვავებაა – ორნამენტები თიხაზე გადააქვთ და ცდილობენ “ახალციხური ფილიგრანი” საზოგადოებას ასე გააცნონ. საყოფაცხოვრებო ნივთებზე ძირითადად ჯიხვის, ჩიტებისა და ყვავილების კომპოზიციაა გაცოცხლებული.
“გვინდა, რომ ის კულტურა რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, შევინარჩუნოთ. ძველი ქართული ორნამენტები იმდენად ლამაზია, რომ იმით ახლის შექმნა და თქმა შეგვიძლია”,- ამბობს მხატვარი თამარ თამარაძე.

XIX-XX საუკუნეებში ახალციხური ფილიგრანის სკოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები