პატიმრობიდან ფერმერობამდე – 70 წლის კაცის წარმატებული ბიზნესი და სამომავლო გეგმები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტას მკვიდრ თამაზ დადიანს უკვე მეოთხე წელია, რაც მსხვილფეხა პირუტყვის ფერმა აქვს. ის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში” 2015 წელს ჩაერთო, დაწერა პროექტი, გაიმარჯვა და საოჯახო ბიზნესიც წამოიწყო, რომელსაც დღესაც წარმატებით უძღვება.
​როგორც თამაზ დადიანი “რეგიონულ კვირას” უყვება, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ყოველგვარი მიზეზისა და მტკიცებულებების გარეშე დააპატიმრეს და 60 წლის ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება მოუხდა. ახლა 70 წლისაა და საკუთარ ფერმას და მცირე ბიზნესს ფლობს.
„ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, 2006 წელს, კომისარიატში მუშაობის პერიოდში დამაკავეს. გირაოს სახით 30 000 ლარის გადახდა მოგვიწია. ორი წელი მოვიხადე ციხეში სასჯელი. მერე დამაწერინეს შეწყალებაზე განცხადება და გამათავისუფლეს, ვითომ შეწყალების თხოვნის საფუძველზე“, – ამბობს თამაზ დადიანი.

ახლა უკვე წარმატებული ფერმერი გვიყვება, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, იუსტიციის სამინისტროს პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ყოფილმა პატიმარმა რესოციალიზაცია მალევე მოახდინა და ფერმერობას მიჰყო ხელი. საქმიანობა 2 სული პირუტყვით დაიწყო, 4 წლის თავზე 8 სული მსხვილფეხა საქონელი ჰყავს და ახლო მომავალში საკუთარი ბიზნესის გაფართოებასაც აპირებს. თამაზ დადიანს იმედი აქვს, რომ სულ მალე მოცვის პლანტაციის გაშენებასაც შეძლებს.
„30 000 ლარის გადახდა მარტივი არ იყო, ოჯახში შევიწროებული ვიყავით. მის მერე, რაც ციხიდან გამოვედი, გარეთ არ გავდიოდი. მრცხვენოდა, რა თქმა უნდა. 9 წელი სოფლის გამგებელი ვიყავი და კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული სულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვმუშაობდი. ახლაც მიჭირს მაგ პერიოდის გახსენება. 2015 წელს გავიგე, რომ ყოფილ პატიმრებს ეხმარებოდნენ და აფინანსებდნენ. დავწერე ბიზნესგეგმა და მოვიგე. იმ თანხით ვიყიდე ორი სული ძროხა და დღეს უკვე 8 სული გვყავს. ოჯახი დავსაქმდით მთლიანად და ეკონომიკურადაც მოვძლიერდით“, – ამბობს დადიანი.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო ტყეშელაშვილის განმარტებით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციაზე.
„თავიდან ჩვენი ბენეფიციარების საჭიროებების მოკვლევა დაიწყო, შემდეგ გამოიყო მიმართულებები, რომლებზეც უნდა ემუშავა ორგანიზაციას. შესაბამისად, ჩვენი პრობაციონერებისთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიულ კურსებში მათი ჩართვა“,- განმარტავს ნინო ტყეშელაშვილი.
ტყეშელაშვილის განმარტებით, უწყება, პრობაციონერებსა და ყოფილ მსჯავრდებულებს ხელს უწყობს, პროფესიულ გადამზადებაში, ფსიქოსოციალურ, იურიდიულ კონსულტაციებში და ასევე, ეხმარება მათ დასაქმებაში.

ცნობისთვის, 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნებიც, არიან ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები