უნიკალური ნივთები და პირველი საუკუნის ნაგებობები – გონიოს ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები განახლდა

გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ციხესიმაგრე ერთადერთი არ არის, რაც ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის დიდ ინტერესს იწვევს. ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, არაერთი უძველესი ექსპონატია აღმოჩენილი, რომლებიც გონიოში არსებულ მუზეუმშია დაცული.
პროფესორი შოთა მამულაძე “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ამბობს, რომ გონიოს ტერიტორიის მიწისქვეშა სამყარო გასული საუკუნეების კულტურასა და უნიკალურ ექსპონატებს ინახავს. 20 დღის წინ განახლებული ექსპედიცია, ამ ეტაპზე გონიოს ციხის გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს, სადაც პროფესორის თქმით, ტერიტორიაზე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში არსებული ციხის მსგავსი ნაგებობა უნდა ყოფილიყო, რომელიც მესამე საუკუნის შუა ხანებში განადგურდა, არქეოლოგების მიერ ადგილზე უკვე აღმოჩენილია იმ დროინდელი გალავანიც.
“20 დღეა, რაც გონიოში ექსპედიცია განვაახლეთ, ამჯერად, ციხის გარე პერიმეტრზე ვმუშაობთ, სადაც გეოფიზიკური დაზვერვის მიხედვით, ადგილზე უძველესი ნაგებობა არსებობდა, სავარაუდოდ, გონიოს ციხესიმაგრის მსგავსი. თუმცა, იგი ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში ხანძრის შედეგად განადგურდა. ნაპოვნია უძველესი გალავანი, რომელიც მაშინდელი ციხისა უნდა ყოფილიყო“, – ამბობს შოთა მამულაძე.
არქეოლოგიური გათხრები ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულშიც მიმდინარეობდა. ექსპედიცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

“2019 წლის 28 ივნისს, სამუშაოები ციხის სამხრეთ-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მიმდინარეობდა. ექსპედიციამ გააგრძელა წინა წლებში დაწყებული კულტურული ფენების შესწავლა. შვიდი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მონეტები – ნერონის, კლავდიუსისა და პონტოს მეფეების გამოსახულებებით, გონიოს ნაკრძალ-მუზეუმში ზაფხულში, არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი 210 წელს სეპტიმუს სევერუსის სახელითაა მოჭრილი. ექსპედიციის დროს ასევე აღმოჩენილია ხმელთაშუა ზღვის საწარმოო ცენტრებიდან შემოტანილი კერამიკული ნაკეთობები და სირია-პალესტინური მინის ნაწარმი, ასევე წითელლაკიანი კერამიკა, მინის ნაკეთობანი. გათხრები გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა“, – აღნიშნავს მამულაძე.

ქართულ-პოლონური საერთაშორისო ექსპედიცია გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე 2015 წლიდან მუშაობს. ამ ხნის მანძილზე აღმოჩენილია აბანო, ყაზარმები, მონუმენტური ნაგებობები და არქეოლოგიური მასალები. აგრეთვე, პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ნაშთები, სადაც წარმოდგენილია იმ პერიოდის წყლის რეზერვუარები, ციხის ტერიტორიის ქვაფენილები და აბანოს მოზაიკა საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე. მოზაიკა, ძირითადად, მოვარდისფრო და მუქი ფერის ქვების მონაცვლეობითაა შესრულებული.
​ცნობისთვის, 1959 წელს გონიოში დაზვერვითი ხასიათის არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, რომლის დროსაც მიწის წიაღში მოქცეული საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაშთები აღმოჩნდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები