19 წლის ქუჩის მხატვარი, რომელიც პოლონელ კოლეგებთან ერთად ბათუმის ქუჩებში ხატავს

ბათუმელ იოსებ ჯორბენაძეს თავისი განსაკუთრებული ნიჭით იცნობენ. ქალაქის თითქმის ყველა ქუჩის კედელს მისი ნახატები ამშვენებს. მან წელს პოლონურ-ქართული “სტრით არტ” ფესტივალის ფარგლებში, პოლონელ ქუჩის მხატვრებთან ერთად, ერთ-ერთ ქუჩაზე არსებული კედელი მოხატა. ფესტივალი იოსების ინიციატივითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო, ახალგაზრდა ბათუმელმა ხელოვანმა სტუმრებს როგორც ადგილობრივმა ქუჩის მხატვარმა, უმასპინძლა. 
იოსებ ჯორბენაძემ რამდენიმე პროექტსა და ადგილობრივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. იგი მხოლოდ 19 წლისაა და თავისი შემოქმედებით, არაერთი ორგანიზაცია დააინტერესა. თვითნასწავლი მხატვარი “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ 14 წლიდან ღამით იპარებოდა და უბნებში არსებულ უსახურ შენობებს ხატავდა. არ ფიქრობდა, რომ ამით რამეს აშავებდა, პირიქით როგორც ხელოვანი ამბობს, ნაგებობებს ხიბლს სძენდა და საინტერესოს ხდიდა.

“სადღაც 14 წლის ასაკში ქუჩაში ღამით ვიპარებოდი და კედლებს ვხატავდი, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ქუჩა ის ერთადერთი ადგილია ხელოვანისთვის, სადაც ბევრი რამის კეთება შეიძლება, ქუჩა არის დიდი გალერეა, სადაც შეზღუდული არ ხარ, აქ ნებისმიერ გამვლელს შეუძლია შეაფასოს შენი ნიჭი. სწორედ ქუჩიდან წამოვიდა ეს მიმდინარეობაც. როცა უსახურ შენობებს მეტ დატვირთვას სძენ, ხელოვანისთვის დიდი ბედნიერებაა”, – ამბობს იოსებ ჯორბენაძე.

ახალგაზრდა იოსები მალევე შეამჩნიეს და მასთან ერთად არაერთი საინტერესო იდეა განახორციელეს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გარდა მისი ნამუშევრები დღემდე კერძო პირებსა და კომპანიების ინტერესის სფეროდაა ქცეული. ბოლო პერიოდში, მან ყველაზე დიდ კომერციულ პროექტზე იმუშავა, სადაც კედელი და სივრცე თავად ხელოვანმა შეარჩია. პროექტის ფარგლებშივე ქალაქის მასშტაბით ნაცრისფერი ყუთები მოხატა.
ყველა ნამუშევერი განსხვავებულია, ყველას თავისი ისტორია აქვს, ნაცრისფერი ყუთების მოხატვა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოწვევაა. რაც უფრო მეტს ვქმნი, უფრო ბევრი იდეა მომდის თავში, მაგალითად ამ კედელს როგორ შევღებავ, რა დატვირთვას მივცემ და ასე შემდეგ. ყუთების მოხატვას ვაგრძელებ, ბათუმში არსებული ყველა მათგანი უნდა მოვხატო”,-ამბობს იოსები.
მისთვის სამწუხაროა ის, რომ ქუჩის მხატვრობას, როგორც ხელოვნებას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს. იოსები რამდენიმე თვის წინანდელ ვანდალურ ფაქტს იხსენებს, როდესაც მისი ნამუშევრები უცნობმა პირებმა გაანადგურეს.
ერთ-ერთი სოციალური პროექტ- არგანისთვის პოლიეთილენის პარკზე დავხატე. საქართველოს მასშტაბით, ეს ინოვაციაა. ბათუმის პარკში ხეებს შორის პოლიეთილენი გავმართე და ზედ დავხატე. თუმცა დილით უკვე განადგურებული იყო. ვფიქრობ რომ საზოგადოებაში ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა, რათა ამაღლდეს ცნობიერება და სხვის შრომას პატივი სცენ”,- აღნიშნავს იოსებ ჯორბენაძე.

,,მელია“- რომელიც თვითნასწავლმა მხატვარმა ქუჩის მხატვრობის გაერთიანების ,,ნიკოს“ ფარგლებში ძველ ბათუმში დახატა, ასევე ,,წითელი თუთიყუში“- რომელიც ამაზონის ტრაგედიას მიუძღვნა და ბევრი სხვა საინტერესო ნამუშევარი ახალგაზრდა ქუჩის მხატვარმა სპრეი-პულივიზატორებით შექმნა.
“ბათუმში ძირითადად ქუჩის მხატვრები ფუნჯებს იყენებენ, მხოლოდ მე ვიყენებ სპრეი-პულივიზატორს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ ნახატი ბევრად ლამაზი და გამძლე გამოდის“,-დასძინა ხელოვანმა.

ახალგაზრდა სამომავლოდ ქუჩის მხატვრობის ფესტივალების ჩატარებასა და დიდი ფასადების მოხატვას გეგმავს. იოსები ასევე სკოლის დაარსებასაც აპირებს, ამბობს, რომ “სტრით არტითდაინტერესებულებისთვის ცოდნის გაზიარებას შეძლებს.
“ვთანამშრომლობ აჭარის განათლების სამინისტროსთან, მერიასთან, ერთობლივი ძალებით ვეცდები კულტურის ეს სფერო მაღალ დონეზე ავიყვანოთ და ბათუმურ არქიტექტურასთან ერთად საინტერესო გავხადოთ. მინდა ახალ თაობას, ვისაც ნიჭი და შესაძლებლობა აქვს მივცე ის ცოდნა, რაც გამაჩნია და რასაც თანდათან ვიღრმავებ“, – ამბობს 19 წლის ქუჩის მხატვარი.

ფიქრია დავლაძე – აჭარა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები