ჩიხარეშის თემის 7 სოფლის ერთადერთი ექიმი ადგილობრივების სიცოცხლის სადარაჯოზე 

ქვემო სვანეთის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა ოჯახის ექიმების ნაკლებობას და სამედიცინო მომსახურეობის ეფექტურობას უჩივის.   ჩიხარეშის თემს კი, სადაც 7 მაღალმთიანი სოფელი შედის,  კეთილმოწყობილი ამბულატორია და ლიცენზირებული კვალიფიციური ოჯახის ექიმი, ნელი ხაბულიანი ემსახურება.

სამედიცინო დაწესებულება 7 სოფლის ცენტრში, ჩიხარეშში მდებარეობს და იგი საქართველოში 82 ამბულატორიის მშენებლობის ფარგლებში აშენდა.

2 წლის წინ მას სრული რეაბილიტაცია და გადახალისება ჩაუტარდა. შემოიღობა, წყალი, სველი წერტილები მოწესრიგდა და  საჭირო სამედიცინო აპარატურით და მედიკამენტებით აღიჭურვა.

ნელი ხაბულიანმა 1988 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი და ჯერ ლენტეხის რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ ჟახუნდერის საუბნო-საავადმყოფოში მუშაობდა ექიმად, ხოლო საბოლოოდ ჩიხარეშის სოფლების ოჯახის ექიმად არჩია მუშაობა.

“რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ხაბულიანი აღნიშნავს, რომ ადგილობრივები ძალიან კარგი ხალხია და ისინი ნამდვილად იმსახურებენ კეთილმოწყობილ ამბულატორიას და კვალიფიციური ექიმის მომსახურებას.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა მთელი დღის მანძილზე  პაციენტი არ ჰყავს, თუმცა საღამოს ზოგჯერ  5-6 ოჯახშიც უხდება მისვლა.

“ამბულატორია ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება მოსახლეობას, ზოგს ფორმა ასი უნდა გავუკეთო, ზოგს ერთლარიანი წამლების პროგრამის ფარგლებში რეცეპტი უნდა დავუწერო, ზოგიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ერთხელაც  სამსახურიდან შინ მიმავალს, ბავშვები გამომეკიდნენ ყვირილით “კვდება,კვდებაო“, სასწრაფოდ გავყევი უკან, მივხვდი რაშიც იყო საქმე, გავუწიე პირველადი დახმარება და ასე რომ ვთქვათ, სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან. ასეთივე შემთხვევა მქონდა ალერგიულ პაციენტთან, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ცოდნა და კარგი მედიკამენტები დამეხმარა იმაში, რომ ერთი სიცოცხლე კიდევ გადამერჩინა. აქაურები ძალიან კარგი ხალხია, იმსახურებენ კვალიფიციურ კადრს და კეთილმოწყობილ ამბულატორიას და აქვთ კიდეც“- ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, ამბულატორიას ცოტა ხანში ყვავილებით და მცენარეებით გალამაზებული ეზოც ექნება, რომელზეც თვითონვე იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები