პროფესიით ინჟინერი, ქართული კერამიკის ოსტატი გორიდან, რომელიც ორსაუკუნოვან ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს

ქართული კერამიკა მსოფლიოს მასშტაბით განთქმულია. იგი გამორჩეული და მრავალფეროვანია როგორც თავისი ფორმისა და ფერის, ასევე ზომისა და დანიშნულების მიხედვით. დადგენილია, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. VII – VI ათასწლეულში, განვითარებული ნეოლითის ხანაში საქართველოში ამზადებდნენ ცეცხლზე გამომწვარ წითელი თიხის ჭურჭელს, რასაც ადასტურებს ოდიშის, ანასეულისა და სხვა არქეოლოგიური ექსპონატები. აღსანიშნავია აგრეთვე ძვ.წ. III ათასწლეულის თრიალეთის, ურბნისის, ქვაცხელას და სხვ. კერამიკული ნამუშევრები, სადაც უკვე გვხდება სხვადასხვა ფერის წერნაქით მოხატული ჭურჭელი.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები იხვეწება და როგორც სხვა მრავალი ნივთის ასევე, კერამიკული ნაკეთობების წარმოება უკვე საწარმოებში მასობრივად მიმდინარეობს, მაინც მოიძებნება რამდენიმე ოსტატი, რომელიც ძველი ტრადიციული მეთოდით კერამიკაზე მუშაობას აგრძელებს და ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.
“რეგიონული კვირა”  სწორედ ასეთ გამორჩეულ პიროვნებას, კერამიკის ოსტატად წოდებულ, გივი ტატულაშვილს გაგაცნობთ.
ტატულაშვილების ოჯახის სახელოსნო 2 საუკუნეს ითვლის. გივი ტატულაშვილი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და ქართულ კერამიკაზე მუშაობს.
ოსტატი სიამაყით აღნიშნავს, რომ მის ოჯახს მუშაობის საკუთარი ხელწერაც აქვს, რომელსაც საფუძველი მე-19 საუკუნის ბოლოს, მისმა წინაპარმა, ნესტორ ტატულაშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
“ყველაფერი მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო. პაპაჩემი იყო ტატულაშვილების ის პირველი თაობა, რომელმაც ჩვენს ოჯახში თიხაზე მუშაობასა და ქართული კერამიკის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. პაპაჩემი 7 წელი იყო შეგირდი. როდესაც ოსტატად აკურთხეს ცალკე გავიდა სამუშაოდ და გააკეთა ის სახელოსნო, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით“,- ამბობს ოსტატი.
კერამიკაზე მუშაობა ნესტორ ტატულაშვილის შემდეგ მისმა შთამომავლობამ განაგრძო. თავად გივი ტატულაშვილი პროფესიით ინჟინერია. ღიმილით აღნიშნავს, რომ კერამიკაზე მუშაობა არ უფიქრია, თუმცა საქმიანობაში მამას ეხმარებოდა და თიხაზე მუშაობას დამწყების დონეზე ფლობდა. მოგვიანებით კი მაინც გადაწყვიტა, რომ მამა-პაპისეული საქმიანობა გაეგრძელებინა.
მოხდა ისე, რომ დაინგრა საბჭოთა კავშირი. აღარ იყო მშენებლობები და ვეღარ გავაგრძელე მუშაობა მშენებელ-ინჟინერად. ამის შემდეგ, გადავწვიტე გამეგრძელებინა ჩემი მამაპაპური ხელობა. ყველაფერი მქონდა სახლში. დავიწყე თიხაზე მუშაობა და მგონი გამომივიდა”,- იხსენებს გივი ტატულაშვილი.

ტატულაშვილების სახელოსნოში თანამედროვე ნივთებსა და სამუშაო იარაღებთან ერთად მე-19 საუკუნის ღუმელსაც ნახავთ, რომელსაც ახლა უკვე როგორც ისტორიულ ექსპონატს, ოსტატი სამუშაოდ აღარ იყენებს და ძალიან უფრთხილდება, რადგან როგორც თავად ამბობს, ღუმელი მისი ოჯახის ისტორიას ინახავს და თანაც, მსგავს საქართველოში ვერსად ნახავთ.

ჩვენი რესპონდენტი სიამაყით აღნიშნავს, რომ მის გვარს და ზოგაგად, ქალაქ გორს კერამიკაზე მუშაობის განსხვავებული ხელწერა აქვს და მისი გამორჩევა ერთი შეხედვითაც შესაძლებელია.
“ჩვენი, გორის კერამიკა საქართველოში წარმოებული კერამიკის სხვა ნიმუშებისგან განსხვავდება. საკმარისია კერამიკოსმა შეხედოს, რომ მაშინვე ამოიცნობს… იგივე ჭიქურის შეფერილობა, ფორმები , პროპორციები, დაჭრელება. ხარისხი გორის კერამიკას დანარჩენი რეგიონებისგან… ყველა ოსტატს თავისი ხელწერა და საიდუმლო აქვს, მათ შორისაა ჩემი გვარის ხელწერაც” ,- აღნიშნავს ტატულაშვილი.

გივი ტატულაშვილი საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ თაობასაც უზიარებს. სახელოსნოში, რომელსაც სასწავლო დანიშნულებაც აქვს შეგირდებს კერამიკაზე მუშაობას ასწავლის და ამ გზით ცდილობს ეს უძველესი ხელობა დავიწყებას არ მიეცეს.
“შეგირდები მყავს ნიქოზშიც. ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის მეუფე ისაიას ინიციატივით, ნიქოზში კერამიკის წარმოებასა და თიხაზე მუშაობას ადგილობრივებს ვასწავლი. მსგავსი ინიციატივები აუცილებელია, რათა დავიწყებას არ მიეცეს ქართული ხალხური კერამიკის წარმოების უძველესი ტრადიცია”,- ამბობს ის.

სახელოსნო რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის პროგრამის დაფინანსებით გააფართოვა. ღუმელები კი “აწარმოე საქართველოშის” ფარგლებში მიღებული გრანტით შეიძინა.
“2015 წელს ევროკავშირის დაფინანსებით გავაკეთე , გავაფართოვე ეს სახელოსნო . საერთაშორისო კულტურუ ცენტრში იყო გამოცხადებული საგრანტო კონკურსი , გავიმარჯვე და 10 000 ლარით დამაფინანსეს. აქ წარმოდგენილია სამი თაობის თიხის გამოსაწველი ღუმელი მე -19 საუკუნის , მე -20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის. ეს უკანასკნელი ,,აწარმოე საქართველოში“ ს ფარგლებში შემიძინეს. შევავსე განაცხადი და გავიმარჯვე . დამაფინანსეს კვლავ 10 000 ლარით, მეც 200 ლარი დავამატე და შევიძინე თიხის გამოსაწველი თანამედროვე ღუმელი, რომლითაც ახლა მე ვმუშაობ. ვისურვებდი, რომ მრავლად იყოს ასეთი პროექტები, რომლებიც ჩემნაირ ადამიანების საქმიანობას ხელს ძალიან უწყობს”,- აღნიშნავს ოსტატი.
ამბობს, რომ კერამიკის ტრადიციული ნაკეთობები მოთხოვნადია. მისი ნამუშევრები რამდენიმე ადგილას იყიდება. ფიქრობს, რომ აღნიშნული ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციაში დიდ როლს ასრულებს.
სახელოსნოში ყოფნა და მუშაობა მისთვის თერაპიაა, ამბობს რომ ძალიან ამშვიდებს და დროის შეგრძნებას კარგავს.

70 წლის ოსტატს სურს, რომ მისი ხელობის ტრადიცია მომავალ თაობებს შემოუნახოს. კერამიკაზე მუშაობა მისთვის ხელოვნება. სიამაყით დასძენს, რომ სახელოსნოში მის პაპას ხშირად სტუმრობდნენ გამოჩენილი მწერლები, მუსიკოსები პოეტები.
“გადმოცემით ვიცი, რომ პაპაჩემთან სახელოსნოში ხშირად დადიოდა გოგლა ლეონიძე, ასვე სხვა ცნობილი მუსიკოსები, პოეტები. ისინი პაპაჩემს არა ხელოსნად, არამედ ხელოვნად თვლიდნენ”,- დასძენს იგი.

70 წლის ოსტატის ყველაზე მთავარი ამოცანაა შეგირდებს ქართულ კერამიკაზე მუშაობა შეაყვაროს, რადგან როგორც თავად ამბობს, “ეს ის საქმეა, რომელიც თუ დაიწყე და და შეიყვარე ვეღარსდროს გაანებებ თავს. ქართული კერამიკის ისტორია კი იმდენად დიდია, რომ ის დავიწყებას არ უნდა მიეცეს”.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები