ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით ცეცხლაურის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივები ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.

მათ შეიმუშავეს 14 პუნქტიანი გეგმა და მშენებლობასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობასთან რამდენიმე კითხვაც აქვთ.

აქციის მონაწილეებმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებს დღესვე აჭარის ნარჩენების მართვის წარმომადგენლები შეხვდნენ.

უწყებაში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, მისაღებია და მზად არიან მათ ნებისმიერ დროს მოუსმინონ.

“მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს ვაწარმოებთ. გარემოს ექსპერტებთან ერთად კომუნიკაცია გვაქვს ყოველკვირეულად. ნებისმიერი დოკუმენტაცია რასაც ისინი ითხოვდნენ მიწოდებულია. მინდა გითხრათ, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, მათი შიში არის უსაფუძვლო. ჩვენ ხვალაც ვაპირებთ მათთან შეხვედრას, რათა დეტალურად განვიხილოთ ცეცხლაურში მცხოვრებლების პრეტენზიები“- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში აჭარის ნარჩენების მართვის დირექტორმა,  სოფიო ანანიძემ.

აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში მოეწერა.

ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიას ნაგავსაყრელის მოსაწყობად 18 თვიანი ვადა განესაზღვრა. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ იაფი სესხის ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

ასევე, ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვასაც ითვალისწინებს.

პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ნაგავსაყრელი ბათუმში გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე წლებია არსებობს, რომელიც ირგვლივ არსებულ დასახლებას ეკოლოგიურად აბინძურებს. რამდენიმე ჰექტარზე არსებული ნაგავსაყრელი არ არის შემოღობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები