ქუთაისში, გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქუთაისში, გუგუნავას 2 კმ-მდე სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება ჯავახიშვილის 1.4 კმ-იან, შარტავას 0.3 კმ-იან, ბუხაიძის 0.7 კმ-იან, ნინოშვილის 1.3 კმ-იან და და ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელ 2.7 კმ-იან ქუჩებზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტების ჯამური ღირებულება 12 899 400 ლარს შეადგენს.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისში დამატებით 4 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს, სადაც ამ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება აღამაშენებლის 3 კმ-იან, წერეთლის 2.8 კმ-იან, თავისუფლების 1.5 კმ-იან და საიათნოვას 0.3 კმ-იან ქუჩებს. აღნიშნული პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 13.5 მილიონი ლარია.

ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზებით შეეძლებათ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები