ლაშა ნაცვლიშვილი: დემოკრატიის კონსოლიდაცია უფრო დიდი საჯარო ინტერესია, ვიდრე ვიგინდარა ბოკერიას დასჯა

“მთელი ნაცმოძრაობა განსასჯელთა სკამზე უნდა აღმოჩენილიყო. ასეთი იყო ხალხის ნება. ჩვენ გვქონდა ამის სამართლებრივი საფუძველიც და პოლიტიკური მანდატიც, მაგრამ დემოკრატიის კონსოლიდაცია უფრო დიდ საჯარო ინტერესად მივიჩნიეთ, ვიდრე ვიგინდარა ბოკერიას დასჯა” – განაცხადა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, დემოკრატიის გადასარჩენად მოხდა ის, რომ ყველა კრიმინალი არ არის დაკავებული.

„დიახ, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. ამას დემოკრატიის კონსოლიდაცია ეწოდება, რათა სრულად არ განადგურებულიყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო ხელისუფლებაში, არჩევნებში დამარცხდა და გადავიდა ოპოზიციაში. ჩვენ რომ გვესარგებლა მხოლოდ ვინმე კონკრეტული ადამიანის დასჯის ტესტით, მაშინ იმ მოწვევის პარლამენტის დარბაზი მთლიანად დაიცლებოდა ნაციონალური მოძრაობისგან, იმიტომ რომ უკლებლივ ყველას ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. სად გავავლეთ ზღვარი? ზღვარი გავავლეთ ძალადობრივი დანაშაულისა და ისეთი განსაკუთრებული ფორმის კორუფციაზე, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იყო“- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ  ეს იყო შერჩევითი მართლმსაჯულება მისი საუკეთესო ჰუმანისტური გაგებით. შერჩევითი მართლმსაჯულება გადახრილი არა რეპრესიისკენ, არამედ – შემწყნარებლური მიდგომისკენ.

„კიდევ ვამბობ, პოლიტიკური ოპოზიციის გადარჩენა იყო აბსოლუტური მისია იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც მოვიდა და რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრადიციული დემოკრატიიდან მომდინარე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რჩევები, რომ იქნებ გადააბიჯოთ. უკლებლივ ყველა აღიარებდა, რომ კანონიერია. რომ დაგევლო პარლამენტი და გარედან დაგერტყა მავთულხლართი, ან სამინისტროებზე მითუმეტეს ძალოვანზე და უკლებლივ ყველა სამართლებრივ პასუხისმგებაში მიგეცა, აბსოლუტურად კანონიერი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევა და რატომ ვუსმენდით მათ, იქნებ ამაღლდეთ და ფორმალისტურად ნუ მივუდგებით, იმიტომ რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ის, რომ ოპოზიცია გადარჩეს“ – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლებაში სამართლიანობის აღსადგენად და იმ დანაშაულებრივი რეჟიმის დასასჯელად აირჩია და თუ სადმე ლეგიტიმური კრიტიკა გაისმის შეუსრულებელ დაპირებაზე, ეს ის დაპირებაა, რომელიც ქვეყნის მომავალს სჭირდება.

„ჩვენ საქართველოს მილიონ ორასი ათასმა მოქალაქემ აგვირჩია საქართველოს ხელისუფლებაში სამართლიანობის აღსადგენად და ამ დანაშაულებრივი რეჟიმის დასასჯელად და თუ სადმე ჩვენი ლეგიტიმური კრიტიკა არის შეუსრულებელ დაპირებაზე, ეს ის შეუსრულებელი დაპირებაა, რომელიც ქვეყნის მომავალს სჭირდება. რაც შეეხება კოჰაბიტაციას – ეს არის შედეგი, ჯამური კრებსითი სახელი იმ პროდუქტისა , რომელიც ჩვენ შევქმენით და ჩვენი მონაგარია. მწარეა ეს მონაგარი? დამნაშავეები აქეთ დაჭრით გვემუქრებიან ? მწარეა“ – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები