ქუთაისში, სკოლის მეორე სართულიდან მოსწავლე გადახტა და ფეხი დაიზიანა

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულიდან სამი მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. შედეგად, ერთმა მოზარდმა ფეხი დაიზიანა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ განუცხადა, მშობლის ნებართვის გარეშე ბავშვი გაკვეთილიდან არ გაათავისუფლეს, რასაც აღნიშნული ინციდენტი მოჰყვა.

“მობილიზებული ვერ იყო გაკვეთილებისთვის, მაგრამ მშობლის ნებართვის გარეშე მაინც ვერ გავათავისუფლებდით. ის კი ადგა და მეორე სართულიდან გადახტა. როგორც გაირკვა ფეხის წვივი აქვს გაბზარული.ბავშვმაც და მშობელმაც ბოდიში უკვე მოგვიხადა მომხდარის გამო”-ამბობს თამარ მაჩიტიძე.

სკოლის დირექტორის სოფიო ქუთათელაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დროულად იქნა გამოძახებული და ბავშვი საავადმყოფოში დამრიგებელთან ერთად გადაიყვანეს.

“ყველაფერი კარგადაა, ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ბოდიში მოგვიხადა, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაგაყენეთო. თუმცა რატომ გააკეთა მეც მიკვირს. ზოგადად კარგი ბავშვია, გაკვეთილებს არ აცდენს. გამოვიძახეთ დროულად სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დედასთან  და დამრიგებელთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს,”-აცხადებს სოფიო ქუთათელაძე.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები