აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

აჭარის რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ გახსნეს. შტაბის ამოქმედება ციტრუსის ლოჯისტიკასა და რეალიზაცას ხელს შეუწყობს. შტაბი მუშაობას დღეიდან დაიწყებს და 1 თებერვლამდე გააგრძელებს. იმუშავებს ცხელი ხაზიც – 1501, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. 25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების მანდარინზე სუბსიდია გაიცემა და სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10-თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
მიმდინარე წელს არასტანდარტულ მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს TCF GEORGIA და შპს Georgian industrial Asset Management Group განახორციელებს. TCF GEORGIA 3000 ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას გეგმავს, რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს Georgian industrial Asset Management Group-ს, შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს.
საექსპორტო მანდარინს ამზადებს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, რომელთაც 30 000 ტონაზე მეტის მიღება-დახარისხება შეუძლია. წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსავალი 60 ათას ტონამდე იქნება.
შტაბის გახსნას ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები ესწრებოდნენ.
გურამ ოქროპირიძეს საკუთარ ბაღში ყოველწლიურად 10 ტონამდე მანდარინი მოჰყავს, თუმცა ციტრუსის რეალიზაცია ხშირ შემთხვევაში გვიანდებოდა, რაც მისთვის ზარალის მომტანი იყო. ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის ამოქმედება, როგორც მისთვის, ასევე თანასოფლელებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია, შტაბი სოფლის მეურნეობას ხელს შეუწყობს და ფერმერებს მნიშვნელოვნად დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაში.
“მანდარინის მოსავალს არ ვუჩივით, წელს ფაროსანაც ნაკლებია და მოსავალიც ხარისხიანი, თუმცა აჭარაში ძირითადად ციტრუსის მოსავლით ვცხოვრობთ გლეხები, ყველა ვერ ახერხებს მის რეალიზაციას შესაბამის ფასად, თუ დროულად არ გავყიდეთ დიდხანსაც ვერ შეინახავ ვერ შეინარჩუნებ. ყველას სურვილი იყო შტაბი ამოქმედებულიყო. რაც უფრო ხელი შეეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარებას, მით უფრო გაძლიერდება ქალაქიც ეკონომიური თვალსაზრისით“, – გურამ ოქროპირიძე “რეგიონულ კვირასთან”.
შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები