“რიგები დიდია, მაგრამ თუ გლეხებს გვჭირდება, გვიან ღამემდეც გველოდებიან“- რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია

რაჭაში რთველი დაახლოებით ერთი კვირაა მიმდინარეობს. რამდენიმე ლოკაციაზე მოსახლეობა ყურძნით დატვირთული ყუთებით რიგში დგას, რათა საკუთარი ჭირნახული მათთვის ხელსაყრელ ფასში ჩააბარონ დაინტერესებულ კომპანიებს.

“რეგიონული კვირა“ დაინტერესდა ამბროლაურში რთველის მიმდინარეობის პროცესით და მუნიციპალიტეტის მერს ზვიად მხეიძეს ესაუბრა.

როგორც ამბროლაურის მერი აცხადებს ამ ეტაპისთვის 7 კომპანიაა დაინტერესებული “ალექსანდროულითა“ და “მუჯურეთულით“.

“ჩვენ თითქმის დასკვნით ფაზაში შევდივართ,2 დღეში დასრულდება რთველი რაჭაში,მოსავალი შარშანაც კარგი გვქონდა და წელსაც ასეა,დაახლოებით ველოდებით 1500 ტონა ყურძენს,დღეის მდგომარეობით 1100 ტონა უკვე დაკრეფილია. ფასი მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით კილოგრამზე 7 ლარია, რთველი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. შარშან ჩვენს მოსახლეობაში მათი შრომის საფასურად 12 მილიონი ლარი შევიდა 25 სოფელში, ეს თანხა პატარა ნამდვილად არაა და წელსაც ასეთი შემოსავალი ექნებათ ,ეს გლეხების  ოჯახების კეთილდღეობას მოხმარდება,“- განაცხადა მხეიძემ.

რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი  კმაყოფილები არიან  და მოთმინებით ელიან თავიანთ რიგს,რადგან რიგი საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

სოფელ ხვანჭკარის მცხოვრები, ბეჟან გეწაძე, რომელმაც მოსავალი უკვე ჩააბარა, ამბობს, რომ თუ საჭიროა ჩამბარებლები გვიან ღამემდეც მუშაობენ.

“დილით 10 საათზე ჩამბარებელი უბნები უკვე გახსნილია ხოლმე, საღამოთი 6 საათამდე მუშაობენ,მაგრამ თუ საჭიროა ჩამბარებლები გლეხებს გვიან ღამემდეც ელოდებიან, რომ ყურძენი არ დაზიანდეს და გლეხს ფუჭი ლოდინი არ მოუწიოს. ჩაბარების ფასი 7 ლარია და კმაყოფილები ვართ.მოსავალიც კარგი იყო შარშანდელივით“- აცხადებს ბეჟან გეწაძე.

რთველი რაჭაში დასასრულს უახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები