“მშობიარის და ჩვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი მედპერსონალის მხრიდან გადაცდომაა”- კლინიკის დირექტორი განმარტებას აკეთებს

შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორი, კახა ხელაძე სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების პირველად მიზეზებს განმარტავს.

მისი თქმით, მედპერსონალმა, რისკების შეფასების დროს, იჩქარა გადაწყვეტილების მიღება.

როგორც ხელაძემ აღნიშნა, საბოლოო დასკვნამდე, იმ სამედიცინო პერსონალს, ვინც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდა, სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუწყდება.

” კლინიკის სახელით მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა. ჩვენს კლინიკას, მინიჭებული ლიცენზიის ფარგლებში, შეუძლია პირველი დონის პაციენტის მიღება და სამედიცინო დახმარების გაწევა. აღნიშნული პაციენტი კი იყი მძიმე, რომელსაც ესაჭიროებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნა. სწორედ ამან განაპირობა ეს ტრაგედია. ამ დროისთვის საქმის მოკვლევა დაიწყო, როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ, ასევე შსს- მ . ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოკვლევის შედეგები შემდგომი რეაგირებისთვის , რადგან მომხდართან დაკავშირებით ჩვენ ურთიერთობა გავწყვიტეთ და ასევე დროებით ლიცენზია შეუწყდათ იმ მედიკოსებს , რომლებიც დაღუპული ქალბატონის მშობიარობის პროცესში იყვნენ ჩართულნი. რაც შეეხება ოჯახის ბრალდებას , კლინიკის მხრიდან პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობაზე,  სიმართლეს არ შეესაბამება. პაციენტი გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში , სადაც მუდმივი კომუნიკაცია ვერ ხერხდება. ადმინისტრაცია ასევე დაინტერესდა, კლინიკის თანამშრომლების მხრიდან პაციენტის ოჯახის მიმართ არაეთიკურ მოპყრობას თუ ჰქონდა ადგილი და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში,  ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას “- განაცხადა კახა ხელაძემ.

40 წლის ინგა კაკიაშვილი დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში გარდაიცვალა.

ქალი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.  ინგა კაკიაშვილის ოჯახი კლინიკის ადმინისტრაციის და ექიმების დასჯას ითხოვს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები