“თავგადასავლების სიყვარულიდან შემდუღებლის პროფესიამდე” – მომავალი შემდუღებელი გოგონა ფოთიდან (ვიდეო)

0

17 წლის ანა ჯვარელია ფოთის პროფესიულ კოლეჯ „ფაზისში“ შემდუღებლის პროფესიას ეუფლება. როგორც თავად ამბობს, სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობს, რადგან ჯგუფში ერთადერთ გოგოს, კურსელი ბიჭები თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ.
როგორც მომავალი შემდუღებელი “რეგიონულ კვირას” უამბობს, არჩევანს ირგვლივ ბევრი უწუნებდა, თუმცა მას თავგადასავლების სიყვარულმა, ერთ-ერთი ოცნება უკვე აუხდინა.
სკოლა, რომ დავამთავრე მინდოდა პროფესიულზე გამეგრძელებინა და მივედი კოლეჯ „ფაზისში“ მინდოდა კომპიუტერულის განხრით სწავლა, თუმცა რეგისტრატორმა ქალმა მითხრა ახალი მიმართულების შესახებ – შემდუღებლის კურსებზე. თავიდან არაფერი ვიცოდი და მიჭირდა, თუმცა მასწავლებლის დახმარებით, სწრაფად და მარტივად ავითვისე. აღმოჩნდა, რომ ჯგუფში ერთადერთი გოგო ვიყავი და ამის გამო ბიჭები სკეპტიკურად მიყურებდნენ, თუმცა როდესაც უკვე დავპროფესიონალდი, მათთან დავმეგობრდი კიდეც“,- ამბობს ანა.
ანას ლექტორის ბადრი ჭანტურიას თქმით, ის პირველი სტუდენტი გოგონაა, რომელიც  არაფრით ჩამოუვარდება ჯგუფელ ბიჭებს, როგორც მომავალი შემდუღებელი.
„კოლეჯში წელს პირველად გაიხსნა გოგონებისთვის შემდუღებლის ჯგუფი, რაც სიახლეა. ანას შემთხვევაში გაკვირვებული ვარ, რადგან ბევრად უფრო ნიჭიერი აღმოჩნდა ბიჭებთან შედარებით, ვინც აქამდე მყოლია“, – აღნიშნავს ანას ლექტორმა.
ფოთის პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ დირექტორის ნინო ბაკურაძის განცხადებით, კოლეჯი რომელიც სახელმწიფო დიპლომს გასცემს, ორიენტირებულია კურსდამთავრებულთა დასქამებაზე.
მისივე ინფორმციით, კოლეჯის კურსამთავრებულთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი, 70%-მდე აღწევს.
„კოლეჯში პროფესიის შერჩევა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება მიმდინარეობს, შრომის ბაზარის კვლევის საფუძველზე. მატერიალურ ტექნიკური ბაზა არის ძალიან მძლავრი და სრულყოფილი. კოლეჯს აქვს დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან სახემწიფოს პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა. ადამიანებს ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს, განათლების მიღებაში, პროფესიის დაუფლებასა და შემდგომ უკვე დასაქმებაში“- განაცხადა კოლეჯის დირექტორმა.

 

სოფო კაკაჩია

 

კომენტარები

კომენტარი