წაღვერში სანიტარული ჭრები დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სანიტარულ ჭრებს, დაბა წაღვერის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 60 ჰა ფართობზე ახორციელებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 13 ოქტომბერს მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

პროცესის მიზანია დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღება. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სანიტარული ჭრების პარალალურად, ჭრაგავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებენ.

სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააზარალა ტყეების ხარისხი.

სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26 000 ჰა. ფართობზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები.

2013 წლიდან მთელ ტერიტორიაზე ხდება ფერომონიანი მწერმჭერების განთავსება, მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. სულ 2013-2019 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2020 წელსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები