60 წლის აჭარელი კაცი, რომელიც ქართულ-ხალხურ საკრავს ბავშვობიდან ამზადებს 

60 წლის მურად თავართქილაძე ჭიბონს ბავშვობიდან ამზადებს. ქედელ ხელოსანს ჭიბონის დასამზადებლად  არა მარტო ქართველი, არამედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ჩასაბერი საკრავის დამზადებასთან ერთად ქედელი ხელოსანი ჭიბონის საუკეთესო დამკვრელიცაა.
აჭარაში გავრცელებულ ქართულ-ხალხურ ჩასაბერ საკრავს მურად თავართქილაძის ოჯახში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სახლიდან, რომელშიც ხელოვანები ცხოვრობენ, ხშირად მოისმენთ დოლისა და ჩონგურის თანხლებით ჩასაბერი საკრავის – ჭიბონის ხმასაც. ჭიბონის დაკვრა მამამ 6 წლისას ასწავლა, მოგვიანებით კი მისი დამზადება იმ მოტივით ისწავლა, რომ იმ პერიოდში სხვადასხვა ინსტრუმენტის შეძენის შესაძლებლობა ოჯახს არ ჰქონდა.

“ჭიბონის გარეშე შეუძლებელია თავი წარმოვიდგინო. პატარა ვიყავი, როცა მამამ დაკვრა და შემდეგ მისი დამზადება მასწავლა. ჩემს ბავშვობაში ძნელი იყო სხვადასხვა საკრავი ინსტრუმენტის შეძენა. ეს კი ერთადერთია, რომლის დამზადებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი. თხის ტყავი, ლერწამი, რქა, ხე – ეს ის მასალაა, რაც ჭიბონის დასამზადებლადაა საჭირო. ჭიბონი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება – გუდის და სტვირებისგან. გუდა მზადდება თხის, ცხვრის, ხბოს ან პატარა კრავ-თიკანის ტყავისაგან, რომელიც ბალნისგან კარგად არის გასუფთავებული. გუდას ერთ ფეხში დატანებული აქვს ხის პატარა მილი, რომლითაც მას ბერავენ და სარქველის ფუნქცია აკისრია. გაბერილ გუდას კისრის ზედა მხარეს ხის საცობი უკეთდება, რომელსაც ხშირად ფარავენ სარკით. გუდაში ჩასმულია ბუდე, რომელშიც ჩადგმულია ლერწმები – თანაბარი სიგრძისა და სისქის ორი ხის მილი. მარცხენა მილს ეწოდება „დამწყები“ და აქვს ხუთი სახმო ნახვრეტი, ხოლო მარჯვენას ეწოდება „მოძახილი“, „მებანე“ და აქვს სამი სახმო თვალი”, – ამბობს მურად თავართქილაძე.

ქედელი ხელოსნის თქმით, ჭიბონის დამზადება დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. თანამედროვე ცხოვრებაში უძველესი კულტურული ტრადიციები დავიწყებას ეძლევა, აჭარელი მურად თავართქილაძეს კი სურს, რაც შეიძლება მეტი საკრავი დაამზადოს და ახალ თაობას ჭიბონზე დაკვრაც ასწავლოს.
“ანსამბლ ერისიონში, ასევე ბათუმისა და სუფის ანსამბლებში ჩემი აღზრდილი მოსწავლეები უკრავენ ჭიბონზე. ადგილობრივებს მინდა დავუტოვო ეს კულტურა. ჯერ გუდის გარეშე ვასწავლი ჩაბერვას, შემდეგ კი გუდასთან ერთად, ასე უფრო უადვილდებათ სწავლა. თუ მონდომებაა, მაშინ ყველაფერია შესაძლებელი. არ მინდა, აჭარაში ეს ტრადიცია დაიკარგოს, ძალიან ლამაზია, როდესაც ჭიბონით შესრულებულ საცეკვაო მუსიკაზე სიმღერის ან ცეკვის ნომრებს ასრულებენ“, – აღნიშნავს მეჭიბონე.

ჭობონის განსაკუთრებულობა ქედის მუნიციპალიტეტში ჩასული ტურისტების ყურადღებასაც იქცევს. ის, რომ მურად თავართქილაძეს ჭიბონისთვს ბევრი ვიზიტორი მიმართავს, მუსიკოსისთვის შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. თუმცა, ქედელი ხელოსნისთვის ფინანსურ შემოსავალზე მეტად სასიხარულო ის ფაქტია, რომ მის მიერ დამზადებული ჭიბონის ხმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაჟღერდება.

“დაახლოებით, 500 ცალი მაქვს დამზადებული და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორები ყიდულობენ და თავიანთ ქვეყნებში მიაქვთ. გამოყენებასაც ვასწავლი, ამას სიამოვნებით აკეთებენ. ეს ჩემთვის სასიხარულოა, რადგან ქართული კულტურის შესახებ წარმოდგენა ექმნებათ, რომელსაც შემდეგ თავიანთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს უზიარებენ. მინდა, საქართველო ყველამ გაიცნოს, როგორც უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა, სტუმართმოყვარე და მშრომელი ხალხით“, – ამბობს მურად თავართქილაძე.

ქედელ მეჭიბონეს სხვადასხვა სახის ღონისძიებებზეც იწვევენ, ფესტივალში “ქედელობა 2019”-შიც მიიღო მონაწილეობა და მის მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები