ხატია წილოსანი: ქართული ღვინის ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას

ქართული ღვინის დღეების “ღვინობისთვე 2019″ ფარგლებში, შარდენზე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა.
ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო.
„ეს ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია მონაწილეობს. აქ არიან როგორც ღვინის კომპანიები, ისე მცირე მარნების წარმომადგენლები და მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ტურისტებს, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთი წარმოების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ეს არის კარგი საკომუნიკაციო საშუალება საზოგადოებასთან იმისთვის, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორ ვითარდება საქართველოში მეღვინეობის დარგი და ასევე, მიიღონ ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ღვინის დარგში არსებული წარმატების საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო გაცნობისთვის, მთავრობა და კერძო სექტორი ერთობლივად ახორციელებს“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
ღონისძიების სტუმრებს საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებლებმა, მცირე და საშუალო მარნების წარმომადგენლებმა წარუდგინეს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა,  დეგუსტაცია. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ყველი, ჩურჩხელა და ჩირი.
ფესტივალის ფარგლებში, ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი და თეატრალური წარმოდგენები გაიმართა.
“ქართული ღვინის ფესტივალი 2019” allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები