ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის 3 სოფლის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობის პრობლემებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

სოფლების-ბებურიანი, ლელიანი და ქალქვას მოსახლეობას ძირითადად ერთი და იგივე პრობლემა აერთიანებს,სასმელი წყალი,შიდა საუბნო გზების ინფრასტრუქტურა და საძოვრები.

ბებურიანის მაცხოვრებლები გარდა ჩამოთვლილი პრობლემებისა, სოფლის სასაფლაოს მოვლა-პატრონობისთვის კადრის გამოყოფას ითხოვდნენ.

ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, ლექსო ჭუმბურიძემ “რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნა ,რომ გლეხს ვენახებთან მისვლისთვის,მოუწესრიგებელი გზის გამო დიდი დრო სჭირდება.

მისივე თქმით, მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების გამო,სოფლის მოსახლეობას წვიმის დროს წყალი სახლებს უტბორავს.

“სანიაღვრე არხები თუ არ მოწესრიგდა,როგორც კი წვიმები იწყება,სახლებში შემოდის წყალი.ასევე სოფელს სასმელი წყლის პრობლემა აქვს,მიუხედავად იმისა,რომ ახალი მაგისტრალი გაკეთდა,მოსახლეობას მაინც არ ყოფნის,“- აღნიშნა ლექსო ჭუმბურიძემ.

ახალგაზრდებისთვის სპორტული მოედნების მოწყობის სურვილი გამოთქვეს სოფელ ლელიანში, რაც მათივე თქმით,  ახალგაზრდებს დროის სწორად გადანაწილებას შეუწყობს ხელს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის,ჯონდო მდივნიშვილის თქმით,ადგილობრივი ხელისუფლება თავის კომპეტენციის ფარგლებში შეეცდება,რომ ყველა ის პრობლემა და გამოწვევა გაითვალისწინონ,რაც შეხვედრებზე იქნა წამოჭრილი.

“პრობლემებს,რაც მუნიციპალიტეტს ეხება,განვიხილავთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას და რიგ პრობლემებს შესაძლებლობების ფარგლებში გადავჭრით,“- განაცხადა მდივნიშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით,ყველა მოსმენილი პრობლემა განიხილება და მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას.

“გზების საკითხი ძირითადად მოგვარებულია, ახლა მოსახლეობას მეორე ეტაპი,გზებზე სანიაღვრე არხების პრობლემის გადაჭრა სჭირდება და მომავალ წელს გათვალისწინებული იქნება. ტრადიციულად წყლის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაზეა მოთხოვნები,ამ საკითხზეც მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად ყველა სოფელში ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწყვეტის გზით მიდის,“ -აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრები მოსახლეობასთან, სოფლებში არსებული საჭიროებების მოსმენას,განხილვას და მომავალი წლის ბიუჯეტში მათ მაქსიმალურად ასახვას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები