“თქმა იმისა, რომ ყველაფერი გაკეთდა, არაა სწორი, მაგრამ არც ის არის სწორი, თითქოს არაფერი კეთდება” – ლენტეხის სოფლებში ღია შეხვედრები მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობასთან ღია შეხვედრები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან გრძელდება.
საქართველოს პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე – დავით ღუდუმიძე, მაჟორიტარი დეპურტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი მხარეში – გიორგი მაქარაშვილი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი – ბადრი ლიპარტელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი გაზდელიანი ნანარის,ლემზაგორის,ჯახუნდერის,ლეკოსანდისა და მებეცის სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

გამოიკვეთა, რომ ამ სოფლის მაცხოვრებლებს აწუხებთ შიდასასოფლო გზების მოუწესრიგებლობა, სპორტული მოედნების სიმცირე,ხე-ტყის მოჭრის ბიუროკრატიული მექანიზმების სირთულეები, სახნავ-სათესი ტექნიკის ნაკლებობა, სამედიცინო მომსახურეობის ხარვეზები,თავშეყრის ადგილების არარსებობა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას შესაძლებლობის ფარგლებში უმოკლეს ვადაში შეჰპირდა ამ პრობლემების გადაჭრას და მათ ის პროექტები გააცნო, რომელსაც უახლოეს პერიოდში მთავრობა გეგმავს მაღალმთიანი რეგიონებისთვის.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გაზდელიანმა აღნიშნა, მიმდინარეობს ბიუჯეტების ფორმირებისა და დამტკიცების პროცესები, ამიტომ ადგილობრივ თვითმმართველობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში, აინტერესებს უშუალოდ მოისმინოს მოსახლეობიდან მათი საჭიროებები,რათა შემდგომში ამან ასახვა ჰპოვოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
“ჩვენ არასოდეს მოვწყდებით ხალხს, სწორი რეპლიკა და სწორი შენიშვნა უნდა მივიღოთ, თუ ვინმე შეცდომებს დაუშვებს, უნდა აღიარონ კიდეც,მთავარია შეცდომების გამოსწორებაზე ვიზრუნოთ და სწორად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა“,- აღნიშნა გიორგი გაზდელიანმა.

სოფელ ლემზაგორის მცხოვრები ჯაბა ჯანხოთელი, აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არასოდეს არავინ მათ სოფლებში არ შესულა, არადა სოფლებში შეიძლება სოფლის მეურნეობის ისეთი დარგების განვითარება როგორიცაა მესიმინდეობა, მეკარტოფილეობა და სხვა
“საჭიროა ხალხამდე მიიტანონ სხვადასხვა საგრანტო პროექტები, ახალგაზრდები უმუშევრები არიან და რა ქნან არ იციან. ტურიზმი ლენტეხში ნამდვილად არ ვითარდება, არადა დიდი პოტენციალი აქვს ხეობას ამ მიმართულებით, საოჯახო სასტუმროებს არანაირი ხელშეწყობა არა აქვს, თქმა იმისა-თითქოს ყველაფერი გაკეთდა, არაა სწორი, მაგრამ არც ისაა სწორი, რომ არაფერი კეთდება, ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივ თვითმმართველობებს ფუნქციების განხორციელებაში, მარტო საარჩევნო პერიოდში სოფლებს ყურადღება არ შველის, ყურადღება ყოველდღიურადაა საჭირო,მე სწორად არ მიმაჩნია პროპორციული არჩევნების შემოღება, რადგან ჩვენ გვერჩივნა პირისპირ გვესაუბრა მაჟორიტართან”,- ამბობს ჯაბა ჯანხოთელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები