ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულს და წლის საუკეთესო ინგლისურის მასწავლებლის კონკურსის ხუთეულის წევრს მადლობის სიგელები გადასცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილი 2019 წლის ქართული, როგორც მეორე ენა, საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა. დავით შერაზადიშვილმა პედაგოგს მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

მერმა მადლობის სიგელით ასევე სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ია ნიქაბაძეც დააჯილდოვა. პედაგოგი ინგლისურის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ხუთეულში მოხვდა.

დავით შერაზადიშვილმა მადლობის სიგელთან ერთად, მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა და მათ პროფესიულ საქმიანობაში კიდევ არაერთი წარმატება უსურვა.

“საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი ჩვენი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს საშუალებას აძლევს პედაგოგებს თავიანთი უნარები და გამოცდილება ფართო მასებს გააცნონ. ქალბატონი ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა მისი ინოვაციური სწავლების მეთოდებით და ქართულის, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელება ამის ნათელი დასტურია. მისი მოღვაწეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ქართულს ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ასწავლის და ამით სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მას მუდმივი პროფესიული ზრდისა და ბოლნისში ქართული ენის განვითარების საქმეში შეტანილი დიდ წვლილისთვის. ბოლნისის მუნიციპალიტეტი “საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში“ ჩვენმა პედაგოგებმა დიდად ასახელეს. ქალბატონი ია ნიქაბაძე საუკეთესო ინგლისური ენის პედაგოგების ხუთეულის წევრია, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენ დასავლურ სივრცეში ჩვენი ისტორიული ადგილის დაბრუნებას ვცდილობთ და ინგლისური ენის მომავალი თაობებისთვის ცოდნა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, ამიტომ ია ნიქაბაძის როლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის ცდილობს ჩვენი პედაგოგების შრომა დააფასოს, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, განვითარებისა და გაერთიანების ყველაზე ეფექტური და მყარი საძირკველია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები