“მოუწესრიგებელი საკანალიზაციო მილები, დაბზარული კედლები, ნესტიანი ოთახები “- სანატორიუმ “აიაში“ შესახლებული დევნილები გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ

წყალტუბოში, გურამიშვილის ქუჩაზე, სანატორიუმ “აიაში“ შესახლებულმა დევნილებმა აქცია გამართეს.

ისინი უკვე 27 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და ბინებს ითხოვენ.

მათი თქმით, კორპუსი ძალიან ძველია და საცხოვრებლად უვარგისია. არ აქვთ გათბობა, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო მილები, დაბზარულია კედლები, ოთახები ნესტიანია. შიშველ მდგომარეობაშია ელექტროენერგიის გადამცემი მავთულები. წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოედინება და შესაძლოა ნებისმიერ დროს ცეცხლი გაჩნდეს.

“პრობლემები უამრავია, არის გაუსაძლისი ნესტი, ბავშვები ავადდებიან, 2-3-4, თუნდაც 18 წლის მოზარდები წელიწადში ოთხჯერ მაინც საავადმყოფოში გვიწევს. კედლები დაობებულია, სოკოებია ამოსული. წვიმის დროს წყალი ჩამოდის, ამას ვინ ჩივის კიდევ, საკანალიზაციო მილები მოუწესრიგებელია და ფეკალური მასები ჩამოდის. ეს ძველი შენობაა და რაც უნდა უცნაური იყოს, საკანალიზაციო ტრუბები ზევითაა დამონტაჟებული, გასკდა ეს მილები და გვესხმევა თავზე. არც გაზიფიცირებაა. შეშის ფული კიდევ ყველას არ აქვს. საჭმელი რაზე გავაკეთოთ? ერთი მანქანა შეშა 700- 800 ლარი ჯდება. არ გვაქვს არანაირი შემოსავალი და რითი გადავიხადოთ? 27 წელიწადია ხალხი ელოდება ბინებს, მაგრამ არავითარი პერსპექტივა არაა, დაპირებების მეტი. ნახევარზე მეტი ისე გარდაიცვალა ამ კორპუსში, ბინის მოლოდინში ამოხდათ სული. მაინც და მაინც სანატორიუმი უნდა გადატყდეს შუაზე, საცხოვრებლად უვარგისი რომ დაერქვას და ხალხმა ბინები მიიღოს? ვითხოვთ დროულად მოგვცენ ბინები. 27 წელიწადი პატარა დრო არაა, ესაა ხალხნო ცხოვრების ნახევარი, იმიტომ რომ ხალხი 60 წლამდე ძლივს აღწევს, მით უმეტეს ამ პირობებში. ამდენი წელი საღორეში გავატარეთ და ახლა მაინც მოგვხედეთ”,- ამბობს სანატორიუმში მცხოვრები ირმა ფანგანი.

აქციის მონაწილეებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.

“აქ ცხოვრობს 50-მდე ოჯახი. 27 წელია ისინი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართავ, წარმოიდგინეთ რომ თქვენი მცირეწლოვანი ბავშვები ასეთ პირობებში გყავთ. თქვენში ზნეობის რაიმე ნაპერწკალი არის? მარტო ენის ტლაშუნი იცით თურმე როგორ ააყვავეთ დემოკრატია და დაამხეთ დიქტატურა, ამას რამე აქვს დემოკრატიის? არ დაეხმარებით ამ ადამიანებს და მივმართავთ აქციებს, გზას გადავკეტავთ”, – აცხადებს გოგი წულაია.

დევნილების პროტესტს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე გიორგი სანთელაძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ სამინისტრომ წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყო.

“რაც შეეხება კონკრეტულად სანატორიუმ „აიას“ მცხოვრებლების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, გეტყვით, რომ არა მარტო ამ სანატორიუმში მცხოვრებლებისათვის, არამედ ყველა სანატორიუმში მცხოვრებთათვის, რომლებიც ამჟამად წყალტუბოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მათთვის სამინისტრომ მრავალსართულიანი ბინების მშენებლობები დაიწყო. წელს გვექნება ორი ათსართულიანი კორპუსი, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებს გადაეცემათ. მომავალი წლისთვის დაგეგმილია ექვსი კორპუსის დასრულება. ყველა ეს კორპუსი გათვლილია იმ სანატორიუმში მცხოვრებ დევნილთათვის, რომლებიც ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. აქ შედის როგორც სანატორიუმი „აია“, ასევე დანარჩენი სანატორიუმებიც, რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაში თუ იქნება გათვლილზე მეტი რაოდენობა ბინების, ის დევნილებიც მიიღებენ, ვისაც შესაბამისი ქულები ექნებათ. შეიძლება არ ცხოვრობდეს ადამიანი სანატორიუმში, მაგრამ ქონდეს ის კრიტერიუმი მინიჭებული და ის ოჯახებიც მოხვდებიან იმ ახალ შენობებში. საუბარია იმ დევნილებზე, რომლებიც ფაქტობრივად, ცხოვრებენ ადგილზე, სადაც დევს სამხარაულის დასკვნა, რომ ეს შენობა საფრთხის შემცველია, იქიდან უპირობოდ იქნება მოსახლეობა გაყვანილი“, – ამბობს გიორგი სანთელაძე.

რაც შეეხება დევნილების მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მათთან წლებია არავინ მისულა სამინისტროდან, გიორგი სანთელაძე პასუხობს, რომ 2013 წლიდან დევნილებთან შეხვედრა ყოველ წელს იმართება.

“2013 წლიდან წელი არ გამოგვიტოვებია, რომ ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე, ბინები არ გაგვენაწილებინა. ყოველ წელს სრულდება კორპუსი, ვთქვათ, ქუთაისში, წყალტუბოში, ზესტაფონში და ა.შ. ყველა ბინის გადაცემა ხდება კრიტერიუმის შესაბამისად. სულადობა ითვლება და შესაბამისი ოთახების რაოდენობა გადაიცემა“,-აცხადებს სანთელაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები