რუმინეთში, გამოფენა “კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო” გაიხსნა

რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველო-რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ერთად, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ფოტო და წიგნების გამოფენა “კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო” გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობის ამსახველი ფოტოები და ქართლის მეფის, ვახტანგ VI -ის დროინდელ თბილისის სტამბაში დაბეჭდილი 17 უნიკალური წიგნი.

გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, ლივიუ კონსტანტინესკუმ, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, დან ნეკულაესკუმ და სხვა სტუმრებმა.
გამომსვლელებმა ქართულ-რუმინული მეგობრული ურთიერთობების სამსაუკუნოვან ისტორიაზე ისაუბრეს.

თავის გამოსვლაში, სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა და მზადყოფნა, უახლოს მომავალში, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიულ დონემდე ავიდეს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, გამოფენის გახსნას ესწრებოდა ასამდე ვიზიტორი, მათ შორის, რუმინეთის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და რუმინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გამოფენა ვიზიტორებისთვის ღია იქნება 24 ოქტომბრის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ VI – ის სტამბა თბილისში დაარსდა 1709 წელს და მოქმედებდა 1722 წლამდე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხსენებულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნების სრული კოლექცია საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოიფინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები