გიორგი ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძეზე – სასამართლო პროცესის პოლიტიზებულად წარმოჩენა ფულის გათეთრების საქმის ანაკლიის პორტით გადაფარვას ემსახურება

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მის თქმით, გუშინ საკუთარ “ფეისბუკზე” და დღეს უკვე სასამართლო პროცესზე გაკეთებული სკანდალური და მყვირალა განცხადებები მამუკა ხაზარაძის მხრიდან სხვა არაფერია თუ არა ამ პროცესის პოლიტიკურ დევნად წარმოსახვა.

“ისედაც ცხადი იყო, რატომ გადაწყვიტა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ბატონმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება და ფორსირებულ რეჟიმში “თორმეტეულთა” წარდგენის კამპანია სექტემბერ-ოქტომბერში.

ბუნებრივია, მან კარგად იცოდა, რომ ოქტომბერში სასამართლო პროცესი ელოდა და თადარიგიც წინასწარ დაიჭირა, ანუ საზოგადო მოღვაწის მანტია მოისხა პოლიტიკური ინდულგენციისთვის. გუშინ საკუთარ “ფეისბუკზე” და დღეს უკვე სასამართლო პროცესზე გაკეთებული სკანდალური და მყვირალა განცხადებები სხვა არაფერია თუ არა ამ პროცესის პოლიტიკურ დევნად წარმოსახვა, საზოგადოებისა და დიპკორპუსის თვალში, სხვა საქმეა, ვის რამდენად სჯერა ეს!

სწორედ ამ პოლიტიკური მოცემულობის შესაქმნელად დასჭირდა, მთელი ამ პრეისტორიის განმავლობაში, ამ მიმართებით ანაკლიის თემის აქტუალიზაცია მაშინ, როდესაც პროკურატურა ფულის გათეთრების საქმეზე ედავება?!

ოქტომბერი კი იმ თვალსაზრისითაც არის საყურადღებო, რომ სწორედ 15 ოქტომბრამდე აქვს კონსორციუმს ბოლო ვადა მიცემული ინვესტორებთან ხელშეკრულების წარმოსადგენად, რომლის თარიღმაც უკვე მერამდენედ გადაიწია და ისიც მთავრობის კეთილი ნებიდან გამომდინარე, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რამდენიმე მილიონის ჯარიმის ჩამოწერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.სასამართლო პროცესის ამგვარად წარმოჩენა კი ფულის გათეთრების საქმის ანაკლიის პორტით გადაფარვას ემსახურება, თორემ ვინ დაუშალა სამი წლის მანძილზე, სატენდერო პირობებით აღებული ვალდებულებების შესრულება – შეევსო თუნდაც კონსორციუმის საწესდებო კაპიტალი, 400-მილიონიან საინვესტიციო ნაწილს თავი რომ დავანებოთ?

მისი აშკარად რეალობას აცდენილი და ისტერიკული განცხადებები კი მიმართულია ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ის თითქოსდა ფარდას ახდის იმ ჭაობს, რომელიც ყველას და ყველაფერს წალეკვით ემუქრება, სხვა რამეზე უფრო მიუთითებს. ამ განცხადებებში ის წარმოჩნდება არა უსამართლობასთან და ქვეყანაში შექმნილ “დაჭაობებულ” სიტუაციასთან მებრძოლ რაინდად, არამედ უფრო ჩანს ის დიდი შიში, რაც მისთვის ბრალეულობის სავარაუდო დამტკიცების პერსპექტივიდან მომდინარეობს.

ისე, რჩევის სახით, სანამ ამ ტიპის აბსურდულ განცხადებებს გააკეთებს, მას საქართველოზე ბოლოდროინდელი საერთაშორისო კვლევებისა და გამოხმაურების გაცნობასაც ვურჩევდი, რომლებიც დიამეტრულად განსხვავდება არსებული სიტუაციის მისეული შეფასებებისგან”. – აცხადებს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები