„დავიბადე თბილისში, ჩვეულებრივ, ნორმალურ ქართულ ოჯახში – კი არ ამოწყვეტილან ასეთები, არიან ჯერ კიდევ“…

შემოდგომის თბილისს  მერაბ ჯაიანი ენატრება…

კომპოზიტორ მერაბ ჯაიანის სიმღერებს იცნობენ, ისმენენ, მღერიან – მხოლოდ სახელოვანი ქართველი მომღერლები კი არა, ქართული სიმღერის მოყვარულები და არაპროფესიონალი შემსრულებლებიც. თვითონ კომპოზიტორი შესანიშნავად მღერის და არაერთი დუეტი ჩაწერა ქართული ესტრადის ცნობილ წარმომადგენლებთან. სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
აქტიურად მოღვაწეობდა  საქართველოს ტელერადიო საესტრადო ორკესტრთან, ქმნის სხვადასხვა ჟანრში, კომპოზიტორთა კავშირის წევრია.
მერაბ ჯაიანი თბილისელი კაცია და მისი შემოქმედებაც ძალიან ქალაქური, თბილისური: „შემოდგომა რუსთაველზე“, „ტყუპი იაგუნდები მღერიან“, „მე რომ მიყვარხარ“, „სად არ ვიყავ, სად არა“, „დუმილი რეკავს“, „დრო არის, ჩემო პატარავ“. „შენ, სისხლო ჩემო“, „ბოშა ქალი“…
პოეზიის თარგმნა ყოველთვის იტაცებდა. კალამი უჭრის და მშვენიერი საბავშვო ლექსების კრებულიც გამოსცა – „ბაბუს ლექსები“. საკუთარ თავზე ბევრს არაფერს ამბობს, ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. ესეც მისი თავმდაბლობის მაჩვენებელია.

 – რა ვქნა, ხალხო, ავტობიოგრაფია დიდად არასოდეს მიწერია და რა გასაკვირია, თუ ცოტა არ იყოს, ვღელავ კიდეც. არც დეპუტატი ვყოფილვარ და არც მინისტრის მოადგილე ოდესმე, ამიტომაც რაიმე მნიშვნელოვანსა და სუპერსაინტერესოს ვერაფერს გეტყვით.
1942 წლის 18 აპრილს დავიბადე ქალაქ თბილისში, ჩვეულებრივ, ნორმალურ ქართულ ოჯახში – კი არ ამოწყვეტილან ასეთები, არიან ჯერ კიდევ.
სპეციალობით მუსიკოსი ვარ – პიანისტი და კომპოზიტორი, არანაირი მწერალი და პოეტი მე არ გახლავართ, ჩემი პერიოდული მცდელობები ამ მეტად პატივსაცემ სფეროში ალბათ სხვა არაფერია, თუ არა უცაბედი ემოცია – აი, ნამცხვარი რომ მოგენატრება და რატომ, არ იცი…
კონკრეტულ თარგმანს რაც შეეხება, უბრალოდ, ძალიან მომხიბლა ოსიპ მანდელშტამის ამ უსათაურო ლექსმა: „Мне Тифлис горбатый снится“. შეიძლება ითქვას, პირველად წავაწყდი ჩემს ქალაქზე დაწერილ ლექსს, სადაც მის განუმეორებელ იერ-სახეზე და სხვათაგან გამორჩეულობაზე არის აქცენტი გაკეთებული და არა ამ ალერგიის გამომწვევ ჭადრის ხეებზე…

– კარგი იქნება, გაგვაცნოთ  ეს თარგმანი…

მე თბილისი მესიზმრება

მე თბილისი მესიზმრება,
ნაზი ოხვრა საზანდარის,
ხიდზე ხალხის თავყრილობა,
ხიდის ქვეშ კი ოხვრა მტკვარის.

ვხედავ დუქნის ღია კარებს,
ირგვლივ სურნელს აფრქვევს ფლავი,
შიგ მედუქნე მომღიმარი
გარს გეხვევა ისე, თითქოს
განაცვალოს უნდა თავი.

შენ რა იცი, რომ კახური
აქ სარდაფში სულ სხვა არის,
სიწყნარეში, სიგრილეში,
როს ღიღინებ ჭიქით ხელში
და ბანს გაძლევს მეგობარი.

სულ პატარა დუქანშიაც
თვალთმაქც კინტოს შეეყრები,
რომ ბევრი სხვა თელიანი
მოგკვეთს ფეხებს და თავშიაც
აგერევა გზა და კვალი.

კაცს შეხვდები ხშირად ხნიერს,
ხნიერ ბატკანს? ვერასოდეს.
დაე, მუდამ მთვარის შუქზე
აქ ღვინოსთან ერთად მწვადის
ქარს სურნელი თან დაჰქონდეს.

ახლა შემოდგომის ოქროსფერი თვეა – ოქტომბერი, ჩაიარა თბილისობამაც, სწორედ ახლა გვახსენდება ბატონი მერაბის სიმღერა იოსებ ნონეშვილის ლექსზე – „შემოდგომა თბილისში“, რომელიც მართლაც, ქართული თბილი შემოდგომის განწყობას და სურათს ქმნის.  ეს სიმღერა თავად კომპოზიტორის შესრულებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე.
ვერაზე დაბადებულისა და გაზრდილი კაცისთვის ძვირფასია ყველაფერი თბილისური, ყოველი ხე და ფოთოლი… სიმღერაში დიდი განცდა, თუმცა, როგორც ამბობს,  უგანცდოდ და უსიყვარულოდ არცერთი სიმღერა არ დაუწერია.

თუ ლექსი გულში არ მომხვდებოდა, გამორიცხული იყო სიმღერის შექმნა. ჩემთვის გაუგებარია  მუშაობა სიმღერაზე. ვჯდებოდი და ვმღეროდი. ხანდახან ისე ვმღეროდი, რომ იქ ერთი ნოტი  აღარ იცვლებოდა.
– განსაკუთრებული ისტორია აქვს სიმღერას გიორგი ლეონიძის ლექსზე – „მე რომ მიყვარხარ“…
– ეს ლექსი ჩემმა მეგობარმა გოგი ჩლაიძემ მაჩვენა, ჩავიკითხე და ყოველგვარი მომზადების გარეშე იქვე, თავიდან ბოლომდე ვიმღერე.
–  ამ სიმღერას ცხონებული ნიკო ჯადუგიშვილი ასრულებდა და უზომოდ უყვარდა…
– სხვათა შორის, სულ მეუბნებოდა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონს ეს სიმღერაო. მე ამაზე ვუთხარი, კარგი სიმღერა ანტიკვარული ნივთივით არის, რაც დრო გადის, მითუფრო მოგწონს- მეთქი.
ბევრჯერ უთხოვით, მოუციათ ტექსტი, შეიძლება ბევრს ვაწყენინე კიდეც, თუ მე თვითონ არ მიმიზიდავდა ტექსტი, არაფერი გამოდიოდა.
თავადაც სულ ისე იცხოვრა, რას დაწერდა, წინასწარ არასოდეს დაუგეგმავს. თუმცა, კარგად ივის, რომ  ნიჭი არაფერია, თუ შრომის სურვილი და უნარი არ გაქვს… მუხრან მაჭავარიანის და ანა კალანდაძის პოეზიის სიყვარულით სამი შესანიშნავი სიმღერა დაიბადა. „დუმილი რეკავს“ და „შენ, სისხლო ჩემო“ – მუხრანის  ლექსებზე მღერიან მაია ჯაბუა და ნანი ბრეგვაძე… ხოლო ანა კალანდაძის „ბოშა ქალს“ თავადაც ასრულებს საფორტეპიანო თანხლებით.
არის შესანიშნავი პიანისტი და რუსული რომანსები მისი სავიზიტო ბარათია.
პირველი სიმღერა 10 წლის ასაკში დაწერა – რაჟდენ გვეტაძის ლექსზე „ნანა“. თბილისში არ დარჩენილა სკოლა, სადაც მას არ უსწავლია და მისივე მიზეზით უხდებოდა სკოლის დატოვება და გამოცვლა. კონსერვატორიაში ჩააბარა და ორი ფაკულტეტი დაამთავრა – საფორტეპიანო და საკომპოზიციო.  ასწავლიდა ნოდარ გაბუნია, შემდეგ  – გუგული თორაძე…
რომ ჰკითხო, რომელი დრო სჯობდა, როცა სიმღერის დასამტკიცებლად კომისიაზე გასვლა იყო საჭირო თუ დღევანდელი თავისუფლებაო, გეტყვით, რომ  კარგია აბსოლუტური თავისუფლება. იმღეროს კაცმა, რა არის ამაში ცუდი? ოღონდ ნამეტანს ნუ ვიზამთ,  საქართველოში ყველა მომღერალი  და კომპოზიტორი გამოდის და ცოტას ხომ არ ვაჭარბებთო?
მე კი მსმენელთა სურვილების გათვალისწინებით, შევეკითხები ბატონ მერაბს: სანამ სიმღერას  სხვა შეასრულებს, ჯერ კომპოზიტორმა უნდა იგრძნოს, თქვენ მოგაქვთ ეს სული  ჩვენამდე არაჩვეულებრივად.
რატომ არ ხართ ხშირად მსმენელთან, ბატონო მერაბ?

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები