ევროკავშირში ყველაზე დიდი ლოკოკინას ფერმა ხობში, რომლის პროდუქციის 100% ექსპორტზე გადის (ვიდეო)

იტალიური ტექნოლოგიით ლოკოკინების, ღია ტიპის ნატურალური ფერმა ხობელმა ფერმერმა მერაბ ნადარაიამ, სახელმწიფოს დახმარებით, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ორი წლის წინ გააშენა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში 5 ჰექტარზე გაშენებულ ფერმას ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ერთადერთია. ფერმა წელიწადში 50 ტონამდე ლოკოკინას ხორცთან ერთად ლოკოკინას ლორწოს აწარმოებს. როგორც მერაბ ნადარაია “რეგიონულ კვირას” უყვება, პროდუქციის 100% მთლიანად ექსპორტზე გადის.
„სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელება ჯერ კიდევ 2006 წელს დავიწყეთ. გვაქვს 100 ჰექტარი თხილის ფართობი და ასევე, 10 ჰექტარი კივის კულტურა. გაგვიჩნდა იდეა, რომ ახალი მიმართულებებიც გაგვევითარებინა. მსოფლიო ბაზრის შესწავლის შემდეგ ვფიქრობდით, მოლუსკებზე, თუმცა შევჩერდით ლოკოკინებზე. ღია ტიპის ნატურალური ფერმა, იტალიის მოლუსკების ინსტიტუტის რეკომენდაციითა და დახმარებით გავაშენეთ. ფერმაში გვყავს ორი სახის ლოკოკინა, ესენია – „ტიპიკა“ და „ჰელიქს ასპერსა მაქსიმა“. ორივე მათგანი ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება საკვებად“, – ამბობს ფერმერი.
ხობელი ფერმერი წარმატებული აგრო ბიზნესის გაფართოებას და აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებული ფერმერებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გეგმავს.
„ვგეგმავთ 50 ჰექტარამდე ლოკოკინას ფერმის გაშენებას, რაც ევროკავშირის მასშტაბითაც კი ყველაზე დიდი ფერმა გამოდის. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ფერმერები ჩავრთოთ ამ საქმიანობაში, რადგან ეს არის საკმაოდ მომგებიანი აგრობიზნესი. დავეხმარებით ფერმერებს, როგორც ტექნოლოგიურად ასევე კონსულტაციებით, სწავლებებით და ტრენინგებით. იმისათვის, რომ მათაც თავისუფლად გააშენონ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ფერმა”, – ამბობს ნადარაია.
ლოკოკინების ფერმაში მუდმივად 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, დავით ფარცვანიას განცხადებით, ფერმის ასაშენებლად ჯამში 1 410 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.
„ყველა ახალი მიმართულება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვის. რაც შეეხება ლოკოკინას, ბაზრის დაახლოებით 40% არის დაუკმაყოფილებელი. მისი ძირითადი მომხმარებელი არის საფრანგეთი, რომელიც აქცენტირებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე და შესაბამისად, წარმოების დიდი წილი შემოდის ევროპიდან. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც მათ რიგებში ჩაეწერება ძალიან მალე. მით უმეტეს ამ ფერმამ უკვე შეძლო ის, რომ გავიდა იტალიის ბაზარზე“, – აღნიშნა დავით ფარცვანიამ.
ვიცე-გუბერნატორის განმარტებით, სახელმწიფოს პრიორიტეტი რეგიონში ახალი მიმართულებების განვითარება და ფერმერების ხელშეწყობაა, როგორც ფინანსური ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით.
„მოხდება სოფლის რწმუნებულის ან შესაბამისი პირის ადგილზე გადამზადება, რომელიც დააკვალიანებს და გაუმარტივებს ფერმერებს, იმ მარტივ საკითხებს, რაც შეიძლება  ფერმერებისთვის იყოს რთული, ამიტომ ეს ბარიერები გვინდა მოვხსნათ და ფერმერებს მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც ლოკოკინას წარმოების, კენკრის მიმართულებით ან კივის მიმართულებით, სათბურების გაშენების კუთხით  მეტი სიმარტივე ჰქონდეთ. მინდა, რომ  ყველა ფერმერმა იგრძნოს,  თუ რამდენი რამ კეთდება, რამდენი პროექტია, რამდენი გრანტია, რომელიც თავისუფლად შეუძლია აიღოს ნებისმიერმა მათგანმა“, – განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა.

იგეგმება თუ არა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, ფერმერი განმარტავს, რომ ორ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა როდის გამოჩნდება დახლებზე ლოკოკინის ხორცი, ამ ეტაპზე, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები