სასმელი წყლისა და საძოვრების გარეშე დარჩენილი სოფლები – რა საკითხები განიხილეს ადგილობრივებმა სიღნაღში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ, რამდენიმე ისეთი პრიორიტეტული საკითხი გამოიკვეთა, როგორებიცაა სასმელი და სარწყავი წყლისა და საძოვრების არ ქონა. 
ერისიმედი, ხირსა, ხორნაბუჯი და ძვ.ანაგა ეს იმ სოფლების მცირე ჩამონათვალია, სადაც აღნიშნული საკითხები  წლების განმავლობაში კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
თამარ გივიშვილი 1 წელია რაც სოფელ ხორნაბუჯში, ოჯახური მდგომარეობის გამო დაბრუნდა და დასახლდა. როგორც “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, სოფელში თავს შეზღუდულად გრძნობს. ადგილობრივის თქმით, სოფელს არც სასმელი წყალი აქვს, არც საძოვრები გააჩნია, რაც სოფლის მცხოვრებლისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ოჯახის ძირითადი შემოსავალი საქონლის შესაბამის მოვლა-პატრონობაზეა დამოკიდებული. “განსაკუთრებით ზაფხულში ჩვენს სოფელში ძალიან ცხელა და საქონლისთვის აუცილებელია წყალი. სოფლის ბოლოდან, ბუნებრივი წყაროდან ვეზიდებოდით სეზონის განმავლობაში წყალს, რაც ძალიან რთული იყო”,- ამბობს თამარ გივიშვილი.
საძოვრების საკითხი მნიშვნელოვანი და მტკივნეული აღმოჩნდა სოფელ ხირსას მოსახლეობისთვის.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლების პრობლემებს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შიოლაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, ირაკლი ქადაგიშვილი გაეცნენ. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზებზე იმუშავებენ.
“მოსახლეობას ვთავაზობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსავალს. მოხდეს მეზობლების შეხვედრა და მორიგება, რომ საძოვრისთვის გამოყოფილი მიწები სწორად გამოიყენონ”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე განმარტებით, სახელმწიფო საძოვრებზე უკანონოდ შეჭრილ პირზე რეაგირებას მუნიციპალიტეტი პოლიციასთან ერთად მოახდენს.
“ვისაც უკანონოდ აქვს ეს საქმიანობა, ამას რა თქმა უნდა აღვკვეთავთ. ასე რომ საძოვრების საკითხი, ამ მიმართულებით გადაიჭრება”,-განმარტავს ქადაგიშვილი.
დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის თქმით, შეხვედრებზე მისი მოღვაწეობის პერიოდში შესრულებული საქმიანობა ჯამდება.
“ძალიან კარგი შედეგები გვაქვს მათ შორის, აღნიშნულ სოფლებში. ძირითადი პრობლემას იმ დროს, ცენტრალური გზების რეაბილიტაცია წარმოადგენდა, რაც თითქმის მოგვარებულია. ჩვენ მთავრობა იმისთვის ვართ, რომ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ. ამ ეტაპისთვის, გამოიკვეთა საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების რეგისტრაციის საკითხი, რაზეც მომავალში ერთობლივად ვიმუშავებთ, ეკონომიკის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად”,-განაცხადა შიოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრების და მათი პრობლემების მოსმენის ძირითად მიზანს, მომავალი წლის ბიუჯეტში ადგილობრივების საჭიროებების მაქსიმალურად ასახვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები