“წერილი ლიას“ – ოზურგეთის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება 

ოზურგეთის თეატრში მორიგი პრემიერაა. საპრემიერო სპექტაკლი თამთა მელაშვილის მოთხრობის „წერილი ლიას“ მიხედვით შეიქმნა. “წერილი ლიას“ თეატრში პირველად  იდგმება და მისი პირველი სცენური ინტერპრეტაციაც ოზურგეთის თეატრში შედგა.

“აქტუალურია სპექტაკლის „წერილი ლიას“ თემატიკა. ამ მოთხრობის პირველი სცენური ვერსია იქმნება ოზურგეთში. ეხება როგორც მიგრანტ ქალებს, ასევე ზოგადად ქალებს, რომლებიც დიასახლისები არიან, მუშაობენ დიასახლისებად. გვინდა ვისაუბროთ მათ შეგრძნებებზე, მათ ამაგზე, მივუძღვნათ დედებს, ბებიებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისი პირადი ცხოვრება, თუ კარიერა ოჯახისათვის აქვთ გადადებული. უარი აქვთ ნათქვამი საკუთარ მეზე და სოციუმი აღიქვამს მათ მხოლოდ დიასახლისებად. თუმცა ყველაზე დიდი ჯაფა მათზე მოდის.

ეს ქალბატონები არიან „სულ დედები“. ზრდიან შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს. ეს სპექტაკლი არის მათი მოფერება და მათ პრობლემებზე საუბარი“- აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი, ელენე მაცხონაშვილი.

სპექტაკლზე მომუშავე მსახიობი, ბელა კიკვაძე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის დიდი გამოცდილებაა.

„კამერული და მონო სპექტაკლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს არის წარმოსახვის, თოჯინისა და რეალობის შერწყმა და გამოხატავს მრავალწევრიან ოჯახში მარტოსული ქალის, დიასახლისის მიუსაფრობას. დიდი მადლობა რეჟისორ ელენე მაცხონაშვილს, თოჯინასთან მუშაობით ახალი გამოცდილება შევიძინე“.

ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასო ჩიგოგიძე იმედოვნებს, რომ სპექტაკლი მაყურებლეს ბევრ რამეზე დააფიქრებს.

„ფიროსმანის“ შემდეგ ეს ძალიან რთული მასალაა, ფიქრიანი, ცრემლიანი. არის ქართველი ქალის სვეზე და რაობაზე. ეს სპექტაკლი ჩვენს მაყურებელს ბევრ რამეზე დააფიქრებს. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი ელენე მაცხონაშვილია, თოჯინების მხატვარი ვახო ქორიძე, სპექტაკლში ჟღერს ინოლა გურგულიას მუსიკა, რეჟისორის ასისტენტი გიორგი დოლიძეა.“

თამთა მელაშვილი ცნობილი მწერალია, რომელიც ინტენსიურად იბეჭდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ავსტრიასა და გერმანიაში. ის ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატიც არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები