ქობულეთის მერი სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ჩაქვში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ის აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ადგილობრივების მოთხოვნებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა სასმელ წყალს უკავშირდებოდა. ადგილობრივების თქმით, ეს პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებთ.

ქობულეთის მერი დეტალურად გაეცნო საკითხებს  და გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.
“პარლამენტის წევრების, დეპუტატების და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად შევხვდით მოსახლეობას. ყველა პრობლემაზე, რომელიც არსებობს ინფორმირებულნი ვართ. მანამდეც არაერთხელ გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ინტენსიური ხასიათი აქვს, ყოველი კვირის სამშაბათს იმართება შეხვედრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად დაიწყოს პრობლემების მოგვარება, რომლის პროცესიც დაწყებულია. მოსახლეობას ავუხსენით ის, თუ რომელი პრობლემაა მოგვარებული და რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში. 2020 წლის ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტის ფორმირება დაკავშირებულია მოსახლეობის საჭიროების გაგებას და მის ასახვასთან ბიუჯეტის პარამეტრებში. არსებობს ის პრობლემებიც რომელთა ოპერატიულად გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან“-განაცხადა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

ნათელა თინარაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც დღეს ქობულეთის მერს სოფელ ბუკნარში არსებული პრობლემები გააცნო. ის იმედოვნებს რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, წყლის პრობლემა სოფელში მოგვარდება და მოსახლეობას სასმელი წყალი ინტენსიურად მიეწოდება.

“სპეციალურად ბუკნარიდან ჩამოვედი, რათა მერისთვის მეთქვა ჩემი სათქმელი, სოფელი გაუსაძლის მდგომარეობაშია უწყლობის გამო. მაცხოვრებელი ბევრია, შესაბამისად წყალი სასმელადაც გვჭირდება და პირადი ჰიგიენის დასაცავადაც. იმედია შეხვედრა ფუჭად არ ჩაივლის და ჩვენს მოთხოვნებს უახლოეს მომავალში გაითვალისწინებენ“-ამბობს ნათელა თინარაძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ბუკნარის მცხოვრებლებს აწუხებთ, საჯარო სკოლის რეაბილიტაციაა.

როგორც სოფლის მკვიდრი ამბობს, არსებულ სკოლაში შეუძლებელია სააღმზრდელო პროცესის ჩატარება, რადგან პრობლემის გამო მოსწავლეებს დიდ მანძილზე გადაადგილება უწევთ.

“სკოლის საკითხთან დაკავშირებით მოვედი შეხვედრაზე, დიდი ხანია გვპირდებიან სკოლის რეაბილიტაციას. ახალი სკოლის მშენებლობაზეც კი იყო საუბარი. ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა. გასულ წელსაც შეგვპირდნენ რომ 2019 წელს საკითხი გადაჭრილი იქნებოდა, თუმცა მდგომარეობა უცვლელია. შეხვედრაზე გვითხრეს რომ სკოლის რეაბილიტაცია არ მოხდება, თუმცა ახალი სკოლის აშენების პირობა მოგვცეს. იმედია მოტყუებული არ დავრჩებით“-ამბობს სოფელ ბუკნარში მცხოვრები ლამზირა შავაძე.

ჩაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ორი შეხვედრა – მეშვიდე რაიონში აჭარის ქუჩასა და სახალვაშოს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება და შიდა სასოფლო გზების ბეტონირება -ეს ის ძირითადი მოთხოვნები იყო, რომელიც მოსახლეობამ ქობულეთის მერს დღევანდელ შეხვედრაზე წარუდგინა.

“შემდეგი წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული იმ საკითხის მოგვარება რაც დღეს ხალხისგან მოვისმინე. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ პრობლემები ეტაპობრივად იქნას აღმოფხვრილი“-განაცხადა მირიან ქათამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები